საქართველო (ლიტერატურული პორტრეტი)

სტატიის ავტორი: ბერნარ ლ.მორი

ფოტოების ავტორი: ფრედერიკ სოლსტადი

ნორვეგიული ჟურნალ „ვინდუეტის“ თებერვლის ნომერი

hj

პოსტსაბჭოთა ლიტერატურის უკეთ გასაცნობად, საქართველოზე შესაფერისი ქვეყანა არ მეგულება. შავი ზღვისპირა ამ პატარა ქვეყნისთვის, რომელიც მედგრად ცდილობს ევროპის ნაწილად აღიარონ, საბჭოთა წარსულთან ანგარიშის გასწორება და იმავდროულად რუსეთისგან თავის შორს დაჭერა, ისევე რთულია, როგორც ჰაერში ასროლილი ქართული ორლესური ხანჯლის დაჭერა.

1990 წლის ზაფხულამდე, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, საქართველო თითქმის ორასი წლის განმავლობაში რუსეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. აქედან სამოცდაათი წელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა უმეტესობა საბჭოთა სახელმწიფოს ოკუპანტად მიიჩნევს, იყვნენ ისეთებიც, ქვეყნის მჩაგვრელი პოლიტიკური სისტემის შენებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. თუნდაც იოსებ სტალინი გავიხსენოთ. საკითხავია, საქართველომ იგი როგორც ტირანი, ისე უნდა განსაჯოს თუ ხოტბა უნდა შეასხას, რადგან სტალინმა დაამტკიცა, რომ პატარა ქვეყნის რიგით წარმომადგენელსაც შეეძლო მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოში სახელი და დიდება მოეხვეჭა.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ გამოიარა სამოქალაქო ომები, ვარდების რევოლუცია, 2008 წლის ომი რუსეთთან… შედეგად ქვეყანამ თავისი ტერიტორიების მეხუთედი ნაწილი დაკარგა. ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა რუსულ ბაზართან იმდენადაა გადაჯაჭვული და სამხედრო მუქარა ჩრდილოელი მეზობლისგან იმდენად დიდია, რომ მთავრობის წარმომადგენლები იძულებულნი არიან ერთი მხრივ მოსკოვთან და მეორე მხრივ, ამერიკა-ევროპასთან ორმაგი თამაში ითამაშონ.

რა თამაშს თამაშობენ ამ დროს ქვეყნის ყველაზე მახვილგონიერი მწერლები? რა შედეგები მოუტანა ქართულ ლიტერატურას ოცდახუთწლიანმა თავისუფლებამ? რა ტიპის საკითხავი ითვლება ღირებულად ქვეყანაში, რომელიც 2018 წელს (ნორვეგიამდე ერთი წლით ადრე) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სახელით წარდგება?

გაქცევა საბჭოთა კავშირიდან

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, ამ წიგნს თუ გამოვცემდი. გულუბრყვილოდ მწამდა, რომ საბჭოთა წარსული ქართველებს მხოლოდ ერთ მწარე მოგონებად შემოგვრჩებოდა… მაგრამ როგორც ჩანს, წარსულს უკან მობრუნება სჩვევია. მით უმეტეს მაშინ, როცა თავად ვერ ახერხებ, მას ზურგი აქციო.“

დათო ტურაშვილი, მწერალ

1983 წლის 18 ნოემბერია. აეროფლოტის ბორტი #6833 თბილისის აეროპორტიდან აფრინდა და ცოტა ხანში ზღვისპირა ქალაქ ბათუმში დაეშვება. თვითმფრინავში სულ ორმოცდათვრამეტი მგზავრია. მოულოდნელად შვიდნი ადგილიდან ისე დგებიან, თითქოს ვიღაცის ბრძანებას ემორჩილებიანო. ერთ-ერთი მათგანი პირველ რიგში მჯდომ მამაკაცს, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელია, თავზე ბოთლს ამსხვრევს. მის ორ თანამზრახველს კი ბორტგამყოლი ქალი მძევლად აჰყავთ და პილოტის კაბინაში შეჭრით იმუქრებიან. გამტაცებლები დაახლოებით ოცი წლისანი იქნებიან. მათ შორის გოგონაცაა, ჯერ სულმთლად ბავშვია. ეს ახალგაზრდები თბილისში კარგად ცნობილი, გავლენიანი ოჯახებიდან არიან და არც სწავლა-განათლება აკლიათ. ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავი, გეგა კობახიძე და მისი ექვსივე თანამზრახველი მარშრუტის შეცვლას და თვითმფრინავის თურქეთში დასმას ითხოვენ. აპირებენ, იქაურ მთავრობას ჩაბარდნენ. ერთ ხანს თურქეთის ციხეში მოუწევთ ყოფნა, მერე კი დასავლეთის რომელიმე ქვეყანას მიაშურებენ და თავისუფლებით დატკბებიან. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორც იმ ორი ლიტველის შემთხვევაში, 1970 წელს, გატაცებული თვითმფრინავით საბჭოთა კავშირიდან გაქცევა რომ შეძლეს.

…თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად ვითარდება. ხომალდის (ტუპოლევ 134) მეთაური და შტურმანი რამდენიმე სახიფათო მანევრს აკეთებენ, გამტაცებლებს კაბინიდან აგდებენ და კარს რაზავენ. ამ მფრინავებს მოგვიანებით საბჭოთა კავშირის საპატიო ჯილდო გადაეცემათ. პილოტები მიმართულებას ცვლიან და თვითმფრინავს ისევ თბილისში, ნოვო ალექსეევკის აეროპორტში სვამენ. როცა ერთ-ერთი გამტაცებელი ხვდება, რომ უკან დააბრუნეს, ტყვიას იხლის და თავს იკლავს. მიწაზე დაშვებისთანავე, საბჭოთა ჯარისკაცები თვითმფრინავის ფიუზელაჟს 108 ტყვიას ახლიან. გამთენიისას კი მოსკოვიდან სპეცდანიშნულების ჯარი ჩამოდის და ცოცხლად გადარჩენილი ოთხი გამტაცებლის დაკავების ოპერაციაში ერთვება.

მეამბოხე ახალგაზრდების ბედი რამდენიმე თვეში წყდება. მანამდე კი, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ და პასუხი აგონ იმ რვა გარდაცვლილის გამო, რომელთაგან ორი მგზავრია, სამი ეკიპაჟის წევრი, სამი კი მათივე თანამზრახველი. თბილისელები იმედოვნებენ, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება. „ის ადამიანები ხომ გამტაცებლებს არ დაუხოცავთ?!“ მაგრამ კომპარტიის პირველ მდივანს, ედუარდ შევარდნაძეს სულ სხვა გეგმები აქვს. კაცს, რომელიც საბჭოთა კავშირის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრად მოიაზრება, მოსკოვის ნდობის მოპოვება განსაკუთრებულად სჭირდება. 1984 წლის ოქტომბრის ერთ დილას სამ გამტაცებელ ყმაწვილს და მათ ეგრეთ წოდებულ იდეოლოგს, ბერ თევდორე ჩიხლაძეს სიკვდილით სჯიან. გეგა კობახიძის შეყვარებულს, თინათინ ფეტვიაშვილს კი თოთხმეტწლიან პატიმრობას უფარდებენ. გოგონა განაჩენს მშვიდად ხვდება. გაცილებით სასტიკები აღმოჩნდნენ საპატიმროს ექიმები, რომლებმაც ის უცოდველი არსება მოაშორეს,თინათინი მუცლით რომ ატარებდა.

„ჯინსების თაობა“, რომელსაც ინგლისურ თარგმანში „გაქცევა სსრკ-დან“ ჰქვია, პოსტსაბჭოთა საქართველოში მნიშვნელოვან საკითხავად ითვლება. რომანის ავტორი, დათო ტურაშვილი (დაბ. 1966) ერთ-ერთი გამტაცებლის მეზობლად ცხოვრობდა. საბჭოთა ხანის მიწურულს მომხდარ ტრაგედიაზე, რომელიც გარკვეულწილად ეროვნულ ტკივილად გადაიქცა, საკუთარი დამოკიდებულება დათოსაც ჰქონდა და ეს დამოკიდებულება თავის პიესაში (2001 წ.) გამოხატა. სპექტაკლი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში დაიდგა. პრემიერაზე წარმოდგენა მოულოდნელად შეაჩერეს, რადგან საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, შევარდნაძეს „ძველი მოგონებების ხელმეორედ გაცოცხლება აღარ სურდა“.

რეჟისორი იძულებული გახდა, სპექტაკლი კერძო თეატრში გადაეტანა. „ჯინსების თაობა“-ს მაყურებლის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც გარკვეულწილად შევარდნაძის დისკრიმინაციაც დააჩქარა. შევარდნაძის ხანა 2003-2004 წლებში, ვარდების რევოლუციით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსული ტანკები შევიდნენ. ხუთდღიანი ომის შემდეგ, როცა ქვეყანამ თავისი ტერიტორიის მეხუთედი ნაწილი დაკარგა, დათო მიხვდა, კარგა ხნის წინ დაწყებულ მასალაზე მუშაობა უნდა გაეგრძელებინა. თავისი პიესა ხელმეორედ დაამუშავა და დოკუმენტურ რომანად აქცია. დასაწყისშივე ჩანს, რომ მწერალი ცდილობს, ამბავი ლიტერატურული ფორმით გადმოგვცეს. თავიდან გეგას დედის განცდებს აღწერს. ქალს იმედი აქვს, რომ მისი შვილი ცოცხალია, ვინაიდან საფლავს ვერსად მიაგნეს. შემდეგ ავტორი მოვლენათა შესახებ დოკუმენტირებულად მოგვითხრობს. გულწრფელად გვიყვება, ის ბიჭები როგორ ცხოვრობდნენ, რას განიცდიდნენ, როგორ უყვარდათ და რაც მთავარია, როგორ ნადირობდნენ დასავლეთიდან ჩამოტანილ ჯინსებზე, რომელიც მათთვის თავისუფალი სამყაროს სიმბოლოდ ქცეულიყო. წიგნის ბოლო გვერდებზე თვითმფრინავის გამტაცებელთა ოჯახური ფოტოებია. ულამაზესი ახალგაზრდები მზად არიან, მსოფლიო დაიპყრონ.

მკითხველი მაშინვე ხვდება, რომ ავტორის მიზანი ოფიციალური საბჭოთა ვერსიის ხელახლა გადახედვა და ფაქტების მართებულად შეფასებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იყენებს ფრაზებს: „შესაძლოა“, „ბევრი რამ ბუნდოვანია, მაგრამ…“, „მომხდარის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად…“, მაინც ეჭვგარეშეა, რომ დათოს სიმპათია გამტაცებელთა მხარესაა. მის მიერ გადმოცემულ ნოვო ალექსეევკის დრამაში ამბოხებული ახალგაზრდები მკვლელები სულაც არ არიან. ხალხს საბჭოთა სამხედროები ესვრიან და ხოცავენ. ავტორი ყველანაირად ცდილობს დაგვანახოს, რომ გამტაცებელთა ქმედებები ნაკლებად ძალადობრივია.

სასამართლო პროცესის აღწერა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკესა და ინდივიდებზე ძალადობას ბოლომდე ააშკარავებს. საბჭოთა ძალოვანები მზად არიან გაწირონ ადამიანები და მათ მაგალითზე სხვებსაც ჭკუა ასწავლონ. ბერი თეოდორე ჩიხლაძე სრულიად უდანაშაულო იყო და თავისი მეგობრების გეგმის შესახებ არაფერი იცოდაო, წერს ავტორი. ჩიხლაძე სიკვდილით იმიტომ დასაჯეს, რომ ბერ-მონაზონი იყო და საბჭოთა კავშირისთვის არასასურველ ელემენტად ითვლებოდა. ასევე ცინიკურია თინათინისთვის ბავშვის მოცილება. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო. ეშინოდათ, ორსული ქალის მიმართ მკაცრ სასჯელს სახალხო მღელვარება და პროტესტი არ გამოეწვია.

„გაქცევა სსრკ-დან“ მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოები როდია. ეს რომანი ერთგვარი პოლემიკაა, საბჭოთადროინდელი ჩაგვრისა და საქართველოში მისი მოწინავე წარმომადგენლის, პირველი მდივნის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ გამოტანილი პოსტსაბჭოური განაჩენია.

შევარდნაძე, თურმე, მშვიდად უყურებდა, როგორ იცლებოდა სისხლისგან სოსო წერეთელი, რომელმაც გაბედა და იმ დროს, როცა თვითმფრინავიდან ჩამოჰყავდათ, „ბატონი ედუარდის“ ლანძღვას არ მოერიდა. ნოვო ალექსეევკის დრამაზე თბილისში დღესაც ხშირად მსჯელობენ. ამ თემის შესახებ ვიკიპედიის ქართული განმარტება სრულიად განსხვავდება რუსულისგან, რომელიც ბუნებრივია, ოფიციალურ საბჭოთა ვერსიას ეფუძნება. ქართული (ინგლისური, შვედური და გერმანულიც) ვიკიპედია იმ შვიდ ბრალდებულს გამტაცებლებად მოიხსენიებს. რუსული სტატიის ავტორი კი, შესაბამისი წყაროს მითითების გარეშე, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ის ახალგაზრდები საეჭვო რეპუტაციის მქონე „ტერორისტები“ იყვნენ, რომლებიც საზოგადოებრივ ნორმებს უგულებელჰყოფდენ. „გეგა კობახიძე ფაშისტი იყო, გიორგი ტაბიძე ნარკომანი, წერეთელი კი სტუდენტობისას სწავლას უგულისყუროდ ეკიდებოდა და ლექციებზე ბევრჯერ ნასვამიც მიდიოდაო“, ვკითხულობთ სტატიაში.

„გაქცევა სსრკ-დან“ პოსტსაბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანში ავტორის ლიტერატურული ამბიციები უკანა პლანზე გადადის. მისი სურვილია, იმ ტრაგედიაზე, რომელიც საბჭოთა საქართველოში დატრიალდა, ერთგვარი პოლიტიკური კამათი გამოიწვიოს. ტურაშვილის ეს წიგნი ყველაზე გაყიდვადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი დისკუსიები ფართო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. „ჯინსების თაობა“ მწერლის პასუხია აგრესიაზე, რომელიც რუსებმა 2008 წლის აგვისტოში კიდევ ერთხელ გამოავლინეს, საქართველოს ტერიტორიები დაიკავეს და ქართული სოფლები დაბომბეს. ქართველი მწერლები საბჭოთა კავშირსა და პოსტსაბჭოთა რუსეთს შორის ბევრ საერთოს ხედავენ. საინტერესოა, ქართულ თანამედროვე მწერლობაში ასეთი შეფასებები რამდენად ტიპურია?

პასუხის საძიებლად თბილისში მივემგზავრებით.

jhh

opp

რთული ქვეყანა და რთული ენა

„ქართული სლენგისა და გინების თითქმის ოთხმოცი პროცენტი რუსული წარმომავლობისაა. სანამ ეს ვითარება არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება!“

შოთა იათაშვილი, პოეტი და რედაქტორი

ოცდათორმეტი წლის შემდეგ, ნოემბრის ღამეს, აეროფლოტის რეისი #1892 იმავე ასაფრენ ბილიკზე ეშვება, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რახანია შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. რუსთაველი XII საუკუნეში მოღვაწეობდა. მაშინ საქართველოში ოქროს ხანა იდგა. ამ დიდი ქართველი პოეტის სახელი აეროპორტიდან მოყოლებილი ქალაქის ცენტრამდე თან გვდევს. ჯერ რუსთაველის გამზირს მივუყვებით, მერე მეტროსადგურ რუსთაველს ჩავუვლით და ბოლოს, იმ სასტუმროსთან ვჩერდებით, რომელსაც Shine on Rustaveli ჰქვია. ადრე ყველაფერი ლენინის სახელობის იყო, 1991 წლის შემდეგ კი ეს სიცარიელე ეტყობა, იმ კაცმა ამოავსო, რომელმაც ნაციონალური პოემა, „ვეფხისტყაოსანი“ შექმნა. ქართველებს აშკარად საფუძვლიანი „განსაბჭოებითი სამუშაოები“ ჩაუტარებიათ. ერთ კირილიურ სიმბოლოსაც ვერსად ნახავთ. საოცარი მრგვლოვანი ასოებით შესრულებული ქართული წარწერების გვერდით ინგლისურსაც ვხედავთ. სახლებისა და ეზოების გაცრეცილ კედლებზე დატანილი გრაფიტიც უმეტესწილად ინგლისურადაა ციტირებული. სასტუმროსთან ახლოს, ერთ-ერთ კედელზე მურაკამის გიგანტური პორტრეტი მიუხატავთ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საერთაშორისო ლიტერატურული სიახლეები არც საქართველოსთვისაა უცხო ხილი.

თბილისი მდინარე მტკვრის სანაპიროებზეა გაშენებული. მდინარე ქალაქის ძველ ნაწილში კლდესა და ტერასებს შორის მოედინება, რაც საოცარ შთაბეჭდილებას ქმნის. მოსახლეობა ქალაქს აშენებდა, დროდადრო შემოჭრილი მომხდურები კი წვავდნენ და ანადგურებდნენ. 400-იანი წლების ბოლოს, მეფე ვახტანგ გორგასალმა სპარსელები ქვეყნიდან გააძევა და თბილისი სატახტო ქალაქად გამოაცხადა. რომელ მხარესაც არ უნდა შებრუნდე, ეკლესიას ხედავ. ტაძრები უმეტესწილად შემაღლებულ ადგილასაა აგებული, რათა ქართველებმა ყველას შეახსენონ, რომ ეს ქრისტიანთა ქვეყანაა. პირველი შთაბეჭდილებები იმდენად დამატყვევებელია, რომ დაძინებას ვერ ვახერხებთ.

დილას კი, ნახევრად უძილოები, ისევ გვანცა ჯობავას ციცქნა „ნისანში“ ვსხდებით. გვანცა წიგნის გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარეა. მისი მარჯვენასაჭიანი მანქანა მურაკამის სამშობლოდანაა. გვანცა გვიხსნის, რომ რუსთაველის სახელობის ადგილები და დაწესებულებები საბჭოთა ხანაშიც ბევრი იყო. თუმცა, მას რა უნდა ახსოვდეს? 1986 წელს დაიბადა და ბავშვობისდროინდელ მოგონებებში კომენდანტის საათი და საღამოობით ავტომატის კაკანის ხმა შემორჩა. დილას, ეზოში ცარიელი მასრებიც ხშირად გვიპოვნიაო, იხსენებს გვანცა.

გვანცას უამრავი შეხვედრა აქვს დაგეგმილი. კულტურის წარმომადგენელებს, ლიტერატორებს, მათ შორის მწერალს, დათო ტურაშვილსა და კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს უნდა გავესაუბროთ. სანაცვლოდ, თბილისის წიგნის დღეებს მოხსენებით გავხსნი. ნორვეგიულ გამომცემლობაში ჩემი, როგორც რედაქტორის საქმიანობაზე უნდა ვილაპარაკო. მართალია, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ერი ვართ, მაგრამ ჩვენც ევროპის განაპირა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხუთი მილიონი მოსახლე გვყავს, მთა-გორები და დიალექტები უხვად გვაქვს და მშობლიური ენის მომავალი გვაფიქრებს. კიდევ რისი თქმა შემიძლია? თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებებისა და ზეწოლის შედეგად, ნორვეგიის წიგნის სექტორმა, როგორც იქნა, შეძლო და ჩვენი მთავრობა დაიყოლია, რომ 2019 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნორვეგიის, როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით წარსადგენად განაცხადი შეეტანათ. ამრიგად, საქართველოს შემდეგ ესტაფეტის ჯოხს სწორედ ნორვეგია გადაიბარებს.

მოხსენების წაკითხვა ინგლისურად მთხოვეს, მაგრამ ვფიქრობ, ურიგო არ უნდა იყოს თუ ვიტყვი, რომ რუსულადაც ვსაუბრობ. შვიდი-რვა წლის წინ სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთში ვიმყოფებოდი. იქ დავრწმუნდი, რომ ორმოც წელს გადაცილებული ბალტიისპირელები რუსულად გაცილებით უკეთ საუბრობენ, ვიდრე ინგლისურად. ნეტა, ქართველებიც ისეთივე პრაგმატულები არიან, როგორც ლიტველები? 2008 წელს, იმ დროს, როცა ნატოს წევრ ბალტიისპირელ მეზობლებთან სრული სიმშვიდე სუფევდა, საქართველო რუსეთის სამხედრო შეტევებს მედგრად იგერიებდა. რუსული თვითმფრინავები ქალაქ გორს უმოწყალოდ ბომბავდა. რუსული ტანკები ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, აფხაზეთსა და ოსეთში შეიჭრნენ და ტერიტორიები დაიკავეს… სხვათა შორის, დღეს დილით, სასტუმროში საუზმობისას, ორმოცდაათ წელს გადაცილებული მიმტანი მოგვემსახურა. როცა გაიგო, რუსულად ვსაუბრობდით, სახე გაუბრწყინდა: ჩემი ინგლისურით ენას აღარ მოვიმტვრევო. მაშინ კი გავიფიქრე,რომ მოხსენებას აუცილებლად რუსულად წავიკითხავდი. სტუმრებსაც საქმე გაუადვილდებოდათ, შეკითხვებს რუსულად დამისვამდნენ.

aaa

ჩემს შეთავაზებას დარბაზი დუმილით ხვდება. არავინ არაფერს ამბობს, არც თანხმობას გამოხატავენ და არც უარყოფას. სტუმართაგან სამოცამდე ქალბატონია, რვა კი მამაკაცი. უმეტესობა იმ ასაკისაა, რომლებიც წესით, რუსულს კარგად უნდა ფლობდნენ, მაგრამ ყველა მათგანი უცნაურად მომჩერებია. დავიჯერო, ასეთი დიდი შეცდომა დავუშვი? ამ ქვეყანაში სულ სამი დღით ვიმყოფები, თავიდან-ბოლომდე მასპინძელთა კეთილგანწყობაზე ვარ დამოკიდებული. მე კი გავბედე და იმ ხალხის ენა ვახსენე, რომელიც ყველაზე მეტად სძულთ. თვალს არ მაშორებენ და გაკვირვებულები მიყურებენ. აშკარად თავი შევირცხვინე! ორიოდე წუთის წინ, როცა ჩემს მოხსენებას თვალი გადავავლე და ოდნავ აღელვებულმა ჩემს ჩანაწერებს გადავხედე, სტუმრებისთვის თურმე, ყურსასმენები და რადიომიმღებები დაურიგებიათ. ოთახის ბოლოში, ერთ კუთხეში თარჯიმნის კაბინაც შევნიშნე. ინგლისურენოვან თარჯიმანს ჩემი ტექსტი სინქრონულად უნდა ეთარგმნა. მართალია, თბილისელები რუსულს საკონფერენციო ენად დიდი ხანია აღარ იყენებენ, მაგრამ საბჭოური წარსული და მეზობელ რუსეთთან კავშირები თავს ბევრ ასპექტში იჩენს. ვრცელი ტერიტორია, სადაც წიგნის ბაზრობა იმართება, ერთგვარი მიკროვერსიაა იმ დიდი საგამოფენო ცენტრებისა, რომლებიც მოსკოვში მინახავს. უზარმაზარი კომპლექსები, VVT და VDNKh რუსებმა თავის დროზე იმიტომ ააშენეს, რომ სხვებისთვის თავი მოეწონებინათ და საბჭოთა კავშირის წევრ რესპუბლიკებში (მათ შორის, საქართველოშიც), მიღწეული წარმატებებით ეტრაბახათ. თბილისის საგამოფენო სივრცეში აღმართული მონუმენტი „კოსმოსის დამპყრობლები“ ასევე რუსული ვარიანტის ასლი უნდა იყოს. ორიგინალის მსგავსად, ისიც ზეცისკენ მიილტვის და ახალი, უკეთესი მომავლის ერთგვარ სადიდებელს წარმოადგენს. მონუმენტის სიახლოვეს კი ძველი, საბჭოური კორპუსი სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების მდუმარე მოწმეა და წარსულის რეალურ სახეს ავლენს. ღონისძიებიდან უკანდაბრუნებისას გზად ერთი საინტერესო ნაგებობა გვხვდება. შემაღლებულ ადგილას დგას, მტკვარს მრისხანედ გადაჰყურებს და მიკადოს უზარმაზარი ჯოხებისგან აგებულ კოშკს წააგავს. შენობა, რომელიც 1975 წლიდან საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წარმოადგენდა, გვიანსაბჭოური კონსტრუქტივიზმის საუკეთესო მაგალითი მგონია. უცნაურია, რომ დღეს ეს შენობა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის სათაო ოფისია.

თბილისის მეტროპოლიტენიც, რომელიც ყოველდღიურად 300 000 მგზავრს ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან აკავშირებს, ისეთივე სქემითა და მასალებით აშენდა, როგორიც მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგშია.

საქართველოსა და რუსეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები საბჭოთა ხანამდე ბევრად ადრე ჩამოყალიბდა. როცა რუსეთის მეფემ, ეკატერინე დიდმა (მეფობდა 1762-1796 წლებში) ოსმალებისა და სპარსელების კავკასიიდან განდევნა დაიწყო, ამ დიდ საომარ „თამაშში“ საქართველო ერთ პატარა პაიკად გადაიქცა. 1802 წელს ალექსანდრე მეფემ საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ ქვეყანად გამოაცხადა. ევროპული კულტურა საქართველოსთვის უცხო არასოდეს ყოფილა. სხვა სამხრეთ-კავკასიელი ხალხებისგან განსხვავებით, ქართველებმა რუსული კულტურაც მარტივად მიიღეს და შეითვისეს, წერს ჯეიმს ფორსაიტი თავის წიგნში „The Caucasus” –“although relations between Georgians and Russians were ambiguous”. საქართველოსა და რუსეთს საზღვრად მდინარე თერგი ჩამოუდის. 1800-იან წლებში საქართველოში ახალი ცნება, „თერგდალეული“ გაჩნდა. თერგდალეულებს იმ მოწინავე ქართველებს ეძახდნენ, რომელთაც თერგის წყალი ჰქონდათ დალეული, ზუსტად რომ ვთქვათ, თერგის მეორე მხარეს იყვნენ ნამყოფები. ამ პერიოდის ისეთი დიდი მწერლები, როგორიც აკაკი წერეთელი და ილია ჭავჭავაძეა, ნიკოლაი გოგოლის შემოქმედებას სანიმუშოდ მიიჩნევდნენ. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი ქართველმა ლიტერატორებმა სულ სხვა გზა არჩიეს.

kk

„პოეტებისა და პროზაიკოსების უმეტესობამ გეზი დასავლეთისკენ აიღო… უპირატესობას დასავლეთ-ევროპულ, ან ამერიკულ ლიტერატურას ანიჭებენ“, ამბობს შოთა იათაშვილი. დიდი ქართველი პოეტის, რუსთაველის სეხნია თავადაც პოეტია. ლიტერატურულ ჟურნალს „ახალი საუნჯე“ რედაქტორობს და ქართულ კულტურულ წრეებში კარგად იცნობენ. შოთას რადიო „თავისუფლების“ სამუშაო ოთახში ვხვდებით. რადიოში ყოველკვირეული რუბრიკა აქვს: მკითხველს საინტერესო წიგნებს აცნობს. იმ საღამოს ჯეფრი ევგენიდისზე საუბრობს. მაგიდაზე თავისი ჟურნალის ორ ნომერს გვახვედრებს. ერთი ნომრის ყდაზე სტაინ მერენის სურათია, მეორისაზე კი იან ერიკ ვოლდის.

შოთას აზრით, ქართველი მკითხველი „ძალიან ცოტა“ პოსტსაბჭოთა რუს მწერალს იცნობს. ვლადიმერ სოროკინი მათ შორის ერთ-ერთია. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიტერატურას კი აქ თითქმის არავინ კითხულობს.

„ცოტანი არიან ისეთები, ვინც ფიქრობენ, რომ მაგალითად, აზერბაიჯანულ ლიტერატურაში რაიმე ღირებულს იპოვნიან. უფრო ფრანგული ან ინგლისური წიგნების თარგმანები აინტერესებთ.“

შოთას მაინც ჰგონია, რომ რუსულ ლიტერატურასთან კავშირების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. თავად რუსეთის არაერთ ლიტერატურულ ფესტივალში მიუღია მონაწილეობა, რუსულად უშეცდომოდ საუბრობს და ბევრ მოწინავე რუს პოეტს პირადადაც იცნობს. თუმცა, რაც შეეხება ლიტერატურულ პერსპექტივას, შოთა ფიქრობს, რომ ქართველებს რუსულ ლიტერატურაში ნიმუშების ძებნა არ სჭირდებათ. იგივე ეხება პოეზიასაც.

opppp

„რუსული პოეზია ტრადიციულ ფორმებში ჩარჩა, ქართულ პოეზიაში კი სერიოზული ცვლილებები მოხდა და ტრადიციული რითმა ვერლიბრმა ჩაანაცვლა. ბევრი ქართველი პოეტი ნიჭიერი მთარგმნელიცაა. მათი წყალობით, თანამედროვე ფრანგული და ამერიკული პოეზიის შედევრები კარგა ხნის წინ შევითვისეთ.“

 nbn

გამომცემლობა „ინტელექტსაც“, რომელშიც გვანცა ჯობავა მუშაობს, კურსი დასავლეთისკენ აქვს აღებული. გვანცა რედაქტორია, საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებსაც ის აგვარებს. ინტელექტის მიერ გამოცემულ უცხოენოვან ავტორთა შორის ისეთი ცნობილი სახელებია, როგორიც ბორხესი, ვარგას ლიოსა, ფოლკნერი, სტაინბეკი, პერეს-რევერტე და ჰოსეინია. პოსტსაბჭოთა ლიტერატურა მხოლოდ იმ მწერლებითაა წარმოდგენილი, რომლებსაც დასავლეთშიც კარგად იცნობენ. მაგალითად, სვეტლანა ალექსიევიჩი, სერგეი ჟადანი, გერმანელ-ქართველი ნინო ხარატიშვილი… „ინტელექტი“ რუსეთში გამოცემულ ახალ ლიტერატურაზე სანადიროდ დროს არ კარგავს. გვანცა რუსეთში არცაა ნამყოფი. „მათ ხომ ისეთი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ.“ – მპასუხობს მოკლედ. როცა წიგნის ბაზრობებზე, ანდა გამომცემელთა ასოციაციის სახელით სხვა რომელიმე ღონისძიებაზე საზღვარგარეთ მიემგზავრება, უმეტესად თურქულ ავიაკომპანიას ირჩევს (დღე-ღამეში ექვსი რეისია დანიშნული) და არა რუსულს, მოსკოვის გავლით (დღე-ღამეში ორი რეისი აქვთ).

ჩვენ მოსკოვიდან ღამე გამოვფრინდით და კარგად ვიცით, რა საოცარი სანახავია, როცა გამთენიისას ევროპის ყველაზე საოცარ მთებს ზემოდან დაჰყურებ და ხედავ, ცადაზიდული კავკასიონის მწვერვალები ღრუბლებში როგორ იკარგებიან. ციცაბო მთების ძირში ალაგ-ალაგ სინათლე ეცემა. მართლა ღვთაებრივი სანახაობაა და თუ წინასწარ განსაზღვრავ, ჩრდილოეთიდან მგზავრობისას რა სიამოვნება გელის, აუცილებლად ილუმინატორთან დასაჯდომ ბილეთს შეიძენ.

„რუსულ პოლიტიკას ყველანაირად ვეწინააღმდეგებით, მაგრამ რუსულ კულტურასთან გარკვეული კავშირები ყოველთვის გვქონდა. რუსული ლამაზი ენაა და ამ ენაზე არაჩვეულებრივი ლიტერატურაა შექმნილი.“

ქალი, რომელიც ამ სიტყვებს ამბობს, ნორვეგიულად უშეცდომოდ საუბრობს. თამარ კვიჟინაძე მთარგმნელია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნორვეგიულ ენას ასწავლის. სკანდინავიური სწავლების ცენტრს, რომელიც უნივერსიტეტის მეორე კორპუსის პირველ სართულზეა, პროფესორი კახაბერ ლორია ხელმძღვანელობს. ცენტრში, კედლებსა და თაროებზე, ბუნებისა და კულტურის ამსახველი შთამბეჭდავი მასალებია გამოფენილი. თამარი ხილის წვენით, ჩაითი, ნორვეგიული ორცხობილათი და რუსული შოკოლადით გვიმასპინძლდება.

mnb

„თუ საქართველოში კარგი სამსახურის შოვნა გინდა, რუსულსაც უნდა ფლობდე“, ამბობს თამარი და ამატებს, რომ მისი ორივე შვილი, თვრამეტი წლის ანა და ექვსი წლის ლუკა რუსულად გახმოვანებული ანიმაციური ფილმების საშუალებით რუსულ ენას მცირე ასაკშივე დაეუფლნენ.

რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი სტუდენტების რაოდენობით ვერ დაიკვეხნის. ნორვეგიული ენა კი სტუდენტებში საკმაოდ პოპულარული ყოფილა. ერთ-ერთი მიზეზი, თურმე, ახალგაზრდების „ვიკინგური ბლექ მეტალით“ დაინტერესებაა. ამჟამად მეცადინეობებს დაახლოებით ორმოცი სტუდენტი ესწრება. მათი უმეტესობა იურიდიულ, ეკონომიკის, ან სხვა ფაკულტეტებზე სწავლობს და ნორვეგიული/სკანდინავიური ენები მეორად საგნად აქვს არჩეული. რაც შეეხება თამარის მთარგმნელობით საქმიანობას… მან თარგმნა კნუტ ჰამსუნი, ქართველ მკითხველს იოჰან ბორგენი, ოსნე საიეშტადი და ერლენდ ლუ გააცნო. ჟურნალისთვის „ახალი საუნჯე“ თარგმნა სტაინ მერენის რამდენიმე ლექსი, ასევე სტატიები მერენსა და იან ერიკ ვოლდზე. თუმცაღა, მხოლოდ მთარგმნელობითი საქმიანობით საქართველოში თავის გატანა რთულია.

„ადგილობრივი გამომცემლობები და გარკვეულწილად მთარგმნელებიც ხშირ შემთხვევაში ნორლასა[1] და სხვა მსგავსი უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულები“, მეუბნება თამარი. ამ დროს უკვე მის პატარა ტოიოტასთან ვდგავართ. მანქანის სანომრე ნიშნის დანახვისას ჩვენი ფოტოგრაფი აღტაცებას ვერ მალავს.

ველაზე საინტერესო თანამედროვე ქართველი ავტორი?

„დათო ტურაშვილი. ლაშა ბუღაძე. ირაკლი სამსონაძე. აკა მორჩილაძე… არ მეგულება ქართველი, რომელსაც აკა მორჩილაძის რომანზე „გასეირნება ყარაბაღში“ არაფერი სმენია.“

თბილისში გატარებული პირველი დღის მიწურულს გვანცასთან და თინათინ ბერიაშვილთან (დაბ. 1987) ერთად რესტორანში ვვახშმობთ. რესტორან „წისქვილში“ ქართული სოფლის გარემოა შექმნილი და შესაბამისად, კერძებსაც ეროვნულს გვთავაზობენ. საკუთარი არყის გამოსახდელად ხორბლის დაფქვა რომ შეძლონ, ხელოვნურ ჩანჩქერზე პატარა წისქვილიც აუგიათ. ქართული სიმღერის ხმები რესტორნის მოგრძო დარბაზის აკუსტიკაში იშლება. მრავალხმოვან სიმღერას შთამბეჭდავი ქართული ცეკვა ენაცვლება და ჰაერში ხმლები და ხანჯლები დაფრინავს.

ვუსმენ საგამომცემლო საქმეში გაწაფულ გოგონებს, რომლებიც ქართული ლიტერატურის მომავალზე მსჯელობენ და ვხვდები, რამხელა ზღვარი ჩნდება თაობებს შორის, როცა საქმე რაიმე რუსულს ეხება. შოთა და თამარი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულები არიან, მაგრამ პატივს სცემენ კულტურასა და ლიტერატურას. იციან, რომ ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, რუსული კულტურა რეგიონში გარკვეულ როლს ასრულებდა. რუსულ ენას კი მნიშვნელოვან საკომუნიკაციო საშუალებად თვლიან. გვანცა და თინათინი კი ყველაფერ რუსულს თავს არიდებენ და საბჭოთა კავშირს, პუტინს, რუსულ ხელოვნებასა თუ კულტურას ერთ ტომარაში ტენიან და მარხავენ.

„ჩვენ, 1980-იანი წლების თაობა, საბჭოთა კავშირს შიმშილსა და უშუქობასთან ვაიგივებთ“, ამბობს თინათინი. „იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველო სამოცდაათი წელი იძულებით მორჩილებაში ჰყავდა, შინაგან აგრესიას ვგრძნობთ. თავისუფლები არც მანამდე ვყოფილვართ… 2008 წელს კი ისევ მოვიდნენ და დაგვიპყრეს.“

სამაგიეროდ, ახალგაზრდები მეგობრობის ხელს უწვდიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომელთაც რუსეთის ამბიციური და დამპყრობლური პოლიტიკის სისასტიკე, საქართველოს მსგავსად, საკუთარ თავზე გამოსცადეს. წიგნის გამომცემელთა ასოციაცია სომხეთისა და უკრაინის წიგნის სექტორთან თანამშრომლობს. განსაკუთრებული კავშირები უკრაინასთან აქვთ. სხვათა შორის, ოთო ნემსაძე, რომელიც იმ საღამოს სცენაზე დგას, The Voice-ის ქართული ვერსიის გამარჯვებულია. უკრაინაში კი იმავე ტიპის შოუში მესამე ადგილი აიღო. ჟიურის ქართველ წევრს მისთვის დიდი დახმარება გაუწევია.

„უმთავრესად ალბათ ის გვაერთიანებს, რომ საერთო მტერი, რუსეთი გვყავს. მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელებმა რაც გადაიტანეს, კარგად ვხვდებით. ბევრი მათგანი შექმნილ მდგომარეობაში ჯერაც ვერ გარკვეულა. ვერ ხვდებიან, რუსეთს ეომებიან თუ ომი ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასა და პერიფერიებს შორისაა გაჩაღებული. ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით ბევრი რეისი სრულდება,“ ამბობს თინათინი.

ვფიქრობ, ყველაფერი არც ისე მარტივადაა. როცა შორეულ ადგილებში მიემგზავრები და უცხო ადამიანებს ხვდები, საერთო აზრთა გაცვლა-გამოცვლის საფუძველზე გარკვეული წარმოდგენა გიყალიბდება. უმცირეს მინიშნებებს იჭერ და იმედი გაქვს, რომ შენც შესაბამისი რეაქციით პასუხობ. საქართველოში სტუმრობისას ხშირად მიწევდა ფიქრი იმაზე, ღირდა თუ არა საკუთარი შეხედულების გამომზეურება ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მეც და ჩემი მასპინძლებიც კარგად ვიცნობდით, მაგრამ არ ვეხებოდით. ბოლო დღეს ერგნეთში, სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ვჩერდებით. უნებურად მახსენდება ვისოცკის ერთ-ერთი სიმღერის სტრიქონები იმ ულამაზეს ყვავილებზე, მხოლოდ საზღვარზე, „არავის მიწაზე“ რომ ხარობს. აზრის ხმამაღლა გამოთქმას მაინც ვერ ვბედავ… გამგზავრებამდე რუსი მწერლის, ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავის მონახულება მსურს. უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი სადიპლომი ნაშრომის თემად სწორედ გრიბოედოვის შემოქმედება ავირჩიე. პირდაპირ ვერც ამას ვამბობ. მეშიანია, ჩემმა თხოვნამ მასპინძლები არ გაანაწყენოს და უბრალოდ ვთხოვ, მთაწმინდის პანთეონში აგვიყვანონ. მგონი, ისედაც თავი მოვაბეზრე. ქუჩაში სიარულისას გამუდმებით ისეთ რაღაცებზე ვუთითებ, რაც მოსკოვსა თუ სანქტ-პეტერბურგში გატარებულ ხანას მახსენებს.

საინტერესოა, რამდენად მგრძნობიარე ადამიანია დათო ტურაშვილი?

გაქცევა სამოქალაქო ომიდან

„მთელი თანამედროვე ქართული ლიტერატურა ძირითადად ომებსა და ისტორიას ეხება. ძალიან მინდა, ვინმე დაჯდეს და თანამედროვე ახალგაზრდების ურთიერთობებზე დაწეროს რომანი. სასიყვარულო რომანი…“

~გვანცა ჯობავა,

წიგნის გამომცემელთა ასოციაციის თავჯდომარე.

დაახლოებით 1990-95 წლებში საქართველო სამოქალაქო ომის მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდა. როგორც თბილისში, ასევე ავტონომიურ რესპუბლიკებში, აჭარასა და სამხრეთ-ოსეთში სხვადასხვა დაჯგუფებები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. პარალელურად მეზობელ ქვეყანაში – აზერბაიჯანში სასტიკი ომი გაჩაღდა. სომხური და აზერბაიჯანული ძალები მთიან ყარაბაღზე კონტროლის ასაღებად ერთმანეთს ექიშპებოდნენ. დათო ტურაშვილის „კონკურენტი“ მწერლის, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი ავტორის, აკა მორჩილაძის სადებიუტო რომანში „გასეირნება ყარაბაღში“ (1992) მოქმედება სწორედ ყარაბაღში ვითარდება. კარლ ვანგის მსგავსად (რომანიდან „ბოლო ნადირობა მელიებზე“[1]), მორჩილაძის რომანის მთავარ გმირს, გიორგის მეგობარი გოგლიკა აზერბაიჯანიდან (განჯადან) ერთი პარტია ჰაშიშის არალეგალურად შემოტანაზე დაიყოლიებს. ბიჭებს მთებში გზა ებნევათ და სრულიად შემთხვევით, ფრონტის ხაზთან აღმოჩნდებიან. აზერბაიჯანელებს ტყვედ აჰყავთ, სომხები „ათავისუფლებენ“, ბოლოს კი ისევ აზერბაიჯანელებთან ხვდებიან. სომეხთა სამხედრო ბანაკში ყოფნისას, უცოლო გიორგი უნებურად აცნობიერებს, რომ მანამდე საკუთარ თავთან განმარტოვების საშუალება არასოდეს ჰქონია. თბილისში ყოფნისას მთელ დროს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად ატარებდა. მამა გამუდმებით აკონტროლებდა. ცოტა ხნის წინ შეყვარებული, ყოფილი მეძავი იანა სახლიდან გაუგდო. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ტყვეობაში გიორგის თავისუფლად ფიქრის საშუალება ეძლევა.

აკა იმ პრობლემებზე წერს, რომლებიც ქართველებს კომუნიზმის დაცემის შემდგომ მოპოვებულმა თავისუფლებამ მოუტანა. მართალია, ბეჭდური მედია ცენზურისგან გათავისუფლდა, საზღვრებს გარეთ გასვლა გაადვილდა, ცალკეულ პიროვნებებზე საბჭოთა საზოგადოების ძლიერი ზეწოლა შესუსტდა და ხალხს თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა, მაგრამ შეზღუდვები ოჯახიდან და ეკონომიური სიდუხჭირე ხალხს ჯერაც ბევრ წინაღობას უქმნის. იმ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგას, მარტივი არაა იცოდე, რა ღირებულელების უნდა გწამდეს.

საქართველოში დათოს მსგავსად, აკაც (სინამდვილეში გიორგი ახვლედიანი, დაბ. 1966), ასე ვთქვათ, “larger then life“ სიდიდის მწერლად ითვლება. გარდა იმისა, რომ ათეულობით მხატვრული ნაწარმოების ავტორია, უნივერსიტეტის ლექტორადაც მუშაობდა, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და სატელევიზიო გადაცემები მიჰყავდა. ლიტერატურული პრემია საბა ხუთჯერ აქვს მიღებული. თბილისში აკას ვერ ვხვდებით, რადგან ბოლო წლებია ლონდონში ცხოვრობს. „მორჩილაძის ნაწარმოებებში კარგად ჩანს ოცდამეერთე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურის დასავლური ტენდენციებისკენ სწრაფვა“, ვკითხულობთ ვიკიპედიაში. ამ მოსაზრებაში, შესაძლოა, მართლა იყოს სიმართლის მარცვალი. ისევე, როგორც უკრაინელი სერგეი ჟადანი, ვფიქრობ, აკაც კარგად უნდა იცნობდეს და აფასებდეს ირვინ ველშისა[2] და მაგნუს მილსის[3] შემოქმედებას (რომანში „დეპეშ მოუდი“ (2004) ჟადანი აღწერს ახალგაზრდა აუტსაიდერთა ყოფასა და მოქმედების დაუოკებელ წყურვილს 1993 წლის ქაოტურ, პოსტსაბჭოთა უკრაინაში). აკას „გასეირნება ყარაბაღში“ შეულამაზებელი, უხეში ენითაა დაწერილი და ამ მიზეზითაც იმ ორი ბრიტანელი ავტორის წერის მანერას მაგონებს.

კიდევ ერთი ავტორი, რომელმაც ქართულ თანამედროვე მწერლობაში თავისებური სტილისტური სიახლეები შეიტანა, ირაკლი სამსონაძეა (დაბ. 1961 წ.). ისიც 1990-იანი წლების უმთავრეს პრობლემებზე – ომზე, სიღარიბესა და კონტრაბანდულ საქმიანობებზე წერს. სამსონაძის ყველაზე ცნობილ რომანში „ყურთბალიში“ (2002) ერთი მწერლის ცხოვრებაა აღწერილი. ლუკმაპურის საშოვნელად კაცი იძულებულია, პროდუქტითა და სიგარეტით ივაჭროს. მოქმედება ამჯერადაც სამოქალაქო ომის პირობებში ვითარდება. სწორედ ის პერიოდია, როცა „ყოფილი მშენებელი ტაქსის მძღოლი ხდება, ყოფილი დოქტორი თარჯიმნობს, უფუნქციოდ დარჩენილი სპორტსმენი პოლიტიკაში ერთვება, საპენსიო ასაკის გლეხკაცი კი ვაჭრობას იწყებს.“ ირაკლი სამსონაძეს თავის გამომცემლობაში ვხვდებით. საუბრისას გვიხსნის, რომ ომი ქვეყნისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, თუმცა ამ კრიზისმა ხელოვნებას გარკვეული სარგებელი მოუტანა.

fds

„მივიღეთ ის, რაც ასე ძალიან გვსურდა: დამოუკიდებლობა. შემდეგ დიდი კრიზისი დაიწყო. ადრე საბჭოთა კავშირის გარდა, სხვა საფიქრალი და სალაპარაკო არაფერი გვქონდა. ამგვარად, თეატრიცა და ლიტერატურაც ერთგვარ შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ეს მდგომარეობა კარგა ხანს გრძელდებოდა. ომთან ერთად კი ჩვენმა საკუთარმა პრობლემებმა წამოიწია, პრობლემატური მმართველები გამოჩნდნენ. ეს ერთგვარი ბიძგი იყო იმისკენ, რომ ისევ დაგვეწყო ფილოსოფოსობა ცხოვრებაზე, რეჟიმსა და ყოფით საკითხებზე, რომელიც გინდა-არ გინდა, გმართავს.“

ისევე როგორც სხვა ნაწარმოებებში, რომანში „ყურთბალიში“ მწერალი ცდილობს ახსნას, პოსტტოტალიტარულ საზოგადოებაში რა დატვირთვა აქვს თავისუფლების ცნებას. როგორც თავად ამბობს, „საბჭოთა კავშირში დაიბადა და იძულებულია, მსგავს თემებზე წეროს.“ თუმცაღა, პოსტსაბჭოთა საქართველო ახალი საფრთხის წინაშე დგას:

„ახალი გლობალური სისტემა ხალხის დამორჩილებაზეა მიმართული. მისი მიზანია, ადამიანი იმდენად მარტივი და ადვილად ამოსაცნობი გახადოს, რომ პრობლემების დანახვა ვეღარ შეძლოს. ადამიანი დღეს „მომხმარებლად“ იქცა, რაც აშკარად ხელსაყრელია მთავრობისთვის და მათთვისაც, ვისაც ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებთ. პოსტსაბჭოთა სამყარო ადრინდელზე გაცილებით კომპლექსური, ძალადობრივი, ანგარებიანი და იმავდროულად კომფორტულია. ყველაფერი ერთიმეორეზეა დამოკიდებული“.

 1

2

ომის თემატიკა შედარებით ახალგაზრდა თაობის ავტორებისთვისაც აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში, სამსონაძეზე ოცდახუთი წლით უმცროსი კოლეგის, გამომცემლის ზვიად კვარაცხელიას (დაბ. 1986) მაგალითზე, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. 2014 წელს მისი რომანი „ფორმა#100“ საუკეთესოდ აღიარეს და ლიტერატურული პრემია მიანიჭეს. ზვიადი აფხაზეთის იმ მოსაზღვრე რეგიონიდანაა, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 2008-ში კი რეგიონი ქართულ-რუსული კონფლიქტის ერთ-ერთ კერად იქცა. ზვიად კვარაცხელია თანამედროვე ქართველების ცხოვრებაზე ბევრს წერს და თაობას, რომელსაც თავად წარმოადგენს, „დანაღმულ თაობად“ მოიხსენიებს.

ჩვენში უკუთვლა დაწყებულია, მაგრამ არავინ იცის, როდის ავფეთქდებით, სისხლს როდის გადმოვანთხევთ. We are the crazy generation!” – ამბობს იგი.

დასავლეთისკენ სამოც მილიონად

„ყველა ქართველს შეუძლია იმის თქმა, რომ ძველი და უნიკალური კულტურა გვაქვს. გვაკლია მხოლოდ ხედვა და სწორად დაგეგმვის უნარი. ჯერჯერობით ქაოსის მეტი არაფერი ყოფილა.“

მიხეილ გიორგაძე

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, წარმოშობით ასურელმა გოგონამ, ნინომ, რომაელთა ტყვეობას თავი დააღწია და იმხანად საქართველოს დედაქალაქში, მცხეთაში ჩავიდა. ნინომ სახელი გაითქვა, როგორც სასწაულმოქმედმა მკურნალმა. ის კი თავის საოცარ უნარს ქრისტიანთა ღმერთს უმადლოდა. ნინოს შესახებ დედოფალმა ნანამაც შეიტყო და განკურნება სთხოვა, რის შემდეგაც საიდუმლოდ მოინათლა. მეფე მირიანს, რომელსაც უცხოტომელი ნინო და მისი სარწმუნოება სულაც არ ხიბლავდა, ერთ დღეს ნადირობისას გზა აებნა. ყველა ნაცნობ ღმერთსა თუ წმინდანს დახმარება შესთხოვა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ნინოს ღმერთს უხმო და სასწაულიც მაშინ მოხდა. მეფე უბედურებას გადარჩა. მადლიერების ნიშნად, 337 წელს მირიან მეფემ ქრისტიანობა ქართველთა რელიგიად გამოაცხადა და ბიზანტიელებს სთხოვა, მისიონერები გამოეგზავნათ. ამგვარად, საქართველო იყო მეორე ქვეყანა (სომხეთის შემდეგ), რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

ქრისტიანობის შემოსვლას ქვეყანაში სამწერლობო კულტურის აყვავება მოჰყვა. პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“ მეხუთე საუკუნით თარიღდება და უძველეს ნორდიკულ თუ აღმოსავლეთსლავურ ტექსტებს თითქმის ხუთასი წლით უსწრებს. ისღა დაგვრჩენია, ქედი მოვიხაროთ და ყური მივუგდოთ ქართველებს, რომლებიც საკუთარ თავს უძველეს კულტურულ ერად მოიხსენიებენ. ქვეყანას ერთმორწმუნე ბიზანტიასთან და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, თუმცა აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან შემოჭრილი მტერი ქართველებს მოსვენებას არ აძლევდნენ. არაბები, სელჩუკები, მონღოლები და სპარსელები საქართველოს ერთიმეორის მიყოლებით აოხრებდნენ. 1453 წელს ბიზანტია ოსმანთა დინასტიამ ჩაიგდო ხელში, ამგვარად ევროპისკენ და ქრისტიანული სახელმწიფოებისკენ გამავალი სარკმელი ქართველებისთვის კარგა ხნით დაიხურა. 1700-იან წლებში, როცა რეგიონში რუსები შევიდნენ, ეს სარკმელი კვლავ გაიხსნა. თითქმის ასი წლის განმავლობაში საქართველო მეფის რუსეთის მფარველობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით კი, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა გახდა და ხელახალ იზოლაციაში აღმოჩნდა.

„I’m sorry you had to wait, I had a meeting regarding next year’s budget, it’s crazy.”

მისაღებ ოთახში, გაცრეცილ ტყავის სავარძლებზე კარგა ხანს ვსხედვართ და ვიცდით. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ოთახში შემოდის. მიხეილ გიორგაძე ყოფილი მძლეოსანივით მხარბეჭიანია და ისეთი ომახიანი ტემბრი აქვს, საუბრისას მეჩვენება, რომ ფანჯრები ზრიალებს. თუმცა, საქართველოს კულტურის მინისტრს მუსიკალური წარსული აქვს. მისი თაოსნობითა და ორგანიზებით 1990-2000 წლებში თბილისსა და ბათუმში ორი უდიდესი ჯაზფესტივალი ჩატარდა (მსგავსი ფესტივალი კავკასიაში პირველად მოეწყო). იმ დროიდან მოყოლებული მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა განათლების სფეროში და ტელევიზიაში. მინისტრის კაბინეტის ფანჯრები ახალ იუსტიციის სახლს გადაჰყურებს.

„ეს შენობა, სოკოებისნაირი სახურავი რომ ამშვენებს, სააკაშვილის პრეზიდენტობისას აგებული ყველაზე საოცარი მონუმენტია“, ხუმრობს მინისტრი. ისე, ძველი შენობების განახლება-შეკეთება პრიორიტეტული საქართველოს არც ერთი მთავრობისთვის ყოფილა. თეატრების, საკონცერტო დარბაზებისა თუ აკადემიების შენობათა უმრავლესობა ნგრევის პირასაა მისული… მაგრამ ახლა სულ სხვა თემაზე უნდა ვისაუბროთ. 2018 წელს, ფრანკფურტის უდიდეს წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. საქართველოს შემდეგ სტუმარი ქვეყანა ნორვეგია იქნება. ჩვენი მთავრობა წიგნის სექტორს მხოლოდ ნაწილობრივ დაფინანსებას შეჰპირდა, დანარჩენი ხარჯები სპონსორებმა უნდა დაფარონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ნორვეგიის მშპ-ს დაახლოებით ათ პროცენტს შეადგენს, ამ ქვეყნის მთავრობამ ფესტივალის ხარჯები (დაახლოებით 60 მილიონი ნორვეგიული კრონი), მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. ნორვეგიელი პოლიტიკოსების პოზიცია გიორგაძისთვის მისაღებია:

„მარტივად რომ ვთქვათ, ნორვეგიას არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. თქვენ ხომ ევროპულ სივრცეში ბოლომდე ხართ ინტეგრირებულები. საქართველოს კი კონკრეტული მიზნები აქვს. ჩვენი ლიტერატურის და ზოგადად, კულტურის „უნიკალურობის, მრავალგვარობისა და თვითმყოფადობის“ წარმოსადგენად 2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა.“

3

2018 წლის განმავლობაში, საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი გერმანიაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. მსოფლიოში წიგნის უდიდესი ბაზრობის საპატიო წევრობას ქვეყნისთვის მხოლოდ კულტურული კი არა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

„ქართული კულტურა ოდითგანვე უმთავრეს ევროპულ ღირებულებებს ეფუძნებოდა. საბჭოთა პერიოდის სიგიჟემ და სამოცდაათწლიანმა იზოლაციამ თავისი ქნა და ახლა, იძულებულები ვართ, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს თავი ხელახლა შევახსენოთ; ვუჩვენოთ, სინამდვილეში რომელ სამყაროს ვეკუთვნით. ყველას გასაგონად გამოვაცხადებთ: “Hey guys, we’re coming back home after being isolated because of we-all-know-why for such a long time. არ გაინტერესებთ, რა სიახლით დავბრუნდებით?“

ჩვენი ფოტოგრაფი გვთავაზობს, ერთი სურათი სამინისტროს კაფეტერიაში გადავიღოთ. კაფეტერიის კედლები ფილმებისა და ჯაზფესტივალების პლაკატებითაა გაფორმებული. „ჯაზის მოყვარული რიხიანი ბანი“ თავის დაკვრით გვეთანხმება. კიბეზე ჩასვლისას გვეუბნება, ქართველი რეჟისორებით, მუსიკოსებით, მწერლებითა და მხატვრებით ვამაყობო. მიუხედავად იმისა, რომ „the crazy years“ გამოიარეს, 1990-იანი წლების სირთულეებს, 2000-იანი წლების პირველი ნახევრის კრიზისს გაუძლეს და მაინც ბოლომდე აქტიურები, კრეატიულები დარჩნენ. დღესდღობით მთავრობის უმთავრესი გამოწვევა ძველი, ისტორიული ნაგებობების განახლება-გადარჩენა და საზოგადოებაში კულტურული ცნობიერების ამაღლებაა.

4

5

6

„უამრავ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ვიცით, ბევრს პურის ფული არ აქვს. გვსაყვედურობენ, რა დროს კულტურაზე ფიქრიაო… მაგრამ ყოველდღიური პრობლემების დასაძლევად კულტურა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მგონია. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ კულტურა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს.“

თანამედროვე ავტორებიდან მინისტრი რომელს გამოარჩევდა?

„აკა, რა თქმა უნდა… და დათო. He is a great friend.”

 7

დათო, დათო, დათო…

სამინისტროს ნულოვან სართულზე, წიგნის ეროვნულ ცენტრში სხვა კოლეგებსაც ვხვდებით.

„სალომე, ირინა, სოფიო…მე კი მედეა ვარ….“

გუნდში უმეტესწილად ახალგაზრდა ქალბატონები არიან, მედეა მეტრეველი (დაბ. 1981) მათი ხელმძღვანელია. ქართული ლიტერატურის მსოფლიო ასპარეზზე გატანა უპირველესად მისი პრეროგატივაა. 2014 წელს ფრანკფურტის ბაზრობის საპატიო სტუმარი-ქვეყანა ფინეთი იყო. შედეგად, ასზე მეტი ფინური წიგნი ითარგმნა გერმანულად.

„თარგმანთა სიმწირის გამო, ევროპაში ძალიან ცოტა ქართველ მწერალს იცნობენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სარბიელზე ჩვენი ლიტერატურაც მალე გავა… მაგრამ ქართულმა ლიტერატურამ, ასე ვთქვათ, to travel widely რომ შეძლოს, დიდი შრომაა საჭირო. ჩვენი ენა არცერთ სხვა ენას არ ენათესავება. გრამატიკა განსხვავებული და კომპლექსური გვაქვს, დიალექტებიც ბევრია…“

ევროპაში ქართული ენის კარგი მცოდნენი ცოტანი არიან, ამიტომ მედეას და მის კოლეგებს სურთ, რომ მთარგმნელები წყვილში ამუშაონ. ერთი მათგანი ვთქვათ, ინგლისურენოვანი ქართველი მთარგმნელი იქნება, მეორე კი ინგლისელი, რომელმაც ქართული იცის. ამგვარად, დათო, აკა, ზვიადი, ირაკლი და სხვა ქართველი მწერლები მსოფლიო ასპარეზზე გასვლას შეძლებენ. ამ საქმეში თავისი მოულოდნელი წვლილი გერმანიაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა მწერალმაც შეიტანა. ნინო ხარატიშვილი გერმანიაში საცხოვრებლად 1995 წელს გადავიდა. მისმა საოჯახო რომანმა „მერვე სიცოცხლე“ იქაურ კრიტიკოსთა და მკითხველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. საკმაოდ ვრცელ რომანში (1200-ზე მეტი გვერდია) ხარატიშვილი (დაბ. თბილისში 1983 წ.) რვა თაობის ქართველი ქალების ოჯახურ ამბავს ჰყვება. მოქმედება ჯერ საქართველოში ვითარდება, მერე საბჭოთა რუსეთში გრძელდება და ბოლოს, გაერთიანებულ გერმანიაში გადადის. ამგვარად, 1900-იანი წლების ევროპის ამბავს მწერალი ჩვენთვის, დასავლეთ ევროპელებისთვის უჩვეულო და ახალი რაკურსით გვაცნობს. ხარატიშვილი ფესტივალისთვის მზადების პროცესში აქტიურადაა ჩართული. ასე რომ, კიდევ უფრო მეტი ქართველი ავტორის ნაწარმოებები ითარგმნება გერმანულად.

წიგნის ეროვნული ცენტრი არ არის ერთადერთი კულტურული დაწესებულება, სადაც მაღალი თანამდებობების მქონე ამდენ ახალგაზრდა ქალს ვხვდებით. ოცდარვა წლის ნინო კიკნაძეს კულტურის მინისტრის მისაღებში ვეცნობით. ნინო ნორვეგიულს სწავლობდა, ენის კურსი ოსლოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაშიც გაიარა. ასევე 28-29 წლისანი არიან გვანცა და თინათინი, რომლებიც გამომცემელთა ასოციაციას წარმოადგენენ. მწერალთა სახლს კი ოცდათხუთმეტი წლის ქალბატონი ხელმძღვანელობს. თბილისის წიგნის ბაზრობაზეც ბევრ ახალგაზრდა ქალს გვაცნობენ. მათი უმეტესობა გამომცემლობებისა და წიგნის სახლების მფლობელები არიან.

საღამოს, ვახშმობისას გვანცა და თინათინი მიხსნიან, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი გენდერული ცვლილებები მოხდა. დღეს გაცილებით ცოტანი არიან გოგონები, რომლებიც ძველ იდეალებს იზიარებენ, ადრეულ ასაკში გათხოვებაზე, შვილების გაჩენასა და სახლში უსაქმოდ ჯდომაზე ოცნებობენ.

ის ამბავი, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ახალგაზრდებს საკმაოდ საპასუხისმგებლო ვალდებულებებს აკისრებენ, სიახლე არავისთვისაა. 2008 წელს, როცა საქართველო-რუსეთის ეგრეთ წოდებული ხუთდღიანი ომი გაჩაღდა, ქვეყანას 40 წლის პრეზიდენტი, 39 წლის სახელმწიფო მინისტრი, 31 წლის საგარეო საქმეთა მინისტრი და 29 წლის თავდაცვის მინისტრი მართავდა.

კი მაგრამ, ქალები რატომ ჭარბობენ? ანდა ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ, როცა ეს გოგო-ბიჭები ახალი გამოწვევების წინაშე დადგებიან, მაშინ რა გზას აირჩევენ? ოცდაშვიდი წლისა რომ აღმასრულებელი დირექტორი ხარ, ორმოცი წლის ასაკში რაღა უნდა აკეთო? იქნებ, ამ კითხვებზე პასუხი დათოს მაინც ჰქონდეს. როგორც ვიცი, უნივერსიტეტში ასწავლის და ბევრ ახალგაზრდას ხვდება.

გარდა იმისა, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ქართულ ლიტერატურას მსოფლიო ბაზარზე გაიტანს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საქმესაც შეუწყობს ხელს: წიგნის სექტორში მოღვაწე ყველა მხარეს დააზავებს. ამ კონკურენციაზე ღიად არცერთი ჩვენი რესპონდენტი არ საუბრობს, ცდილობენ მოთუხთუხე ქვაბს ხუფი კარგად მოარგონ, მაგრამ ორთქლი მაინც ამოდის. მათი ურთიერთგანწყობა ჩვენთვისაც თვალსაჩინო ხდება. არადა, საქართველოში ლიტერატურული ცხოვრება მართლაც რომ დუღს და გადმოდუღს. გამომცემლობები მთავრობასთან კამათობენ, ერთი გამომცემლობა მეორეს ექიშპება, დიახ, ყველა ჩხუბობს.

განსაკუთრებით, წიგნის გამომცემელთა ასოციაცია და განათლების სამინისტრო ვერ თანხმდებიან. 2013 წელს სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდებოდათ. გამომცემლებისთვის არაფერი უკითხავთ, სახელმძღვანელოების ბეჭდვა პირდაპირ სტამბებს შეუკვეთეს. შედეგად, დიდმა გამომცემლობებმა შემოსავლის 70% დაკარგეს. ისინი კი, რომლებიც მხოლოდ სახელმძღვანელოებზე მუშაობდნენ, საერთოდ გაკოტრდნენ. ამ გადაწყვეტილებას მეორე უარყოფითი შედეგიც მოჰყვა. ფინანსური კრიზისის გამო კულტურული ღირებულებების მქონე წიგნების გამოცემაც შეჩერდა. გვანცა ფიქრობს, რომ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სტრასბურგის ევროსასამართლოში საჩივარი უნდა შეიტანონ. კულტურის მინისტრ გიორგაძეს კი მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში ორივე უკმაყოფილო მხარე კარგად დასაბუთებულ არგუმენტებს იშველიებს. „საავტორო უფლებებს ფუნდამენტური და პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მათი დარღვევისა და დაკნინების უფლება არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას არ აქვს. მეორე მხრივ, გამომცემლობებმა კომპრომისზე წასვლა უნდა შეძლონ“, ამბობს იგი.

ერთმანეთს ვერც გამომცემლობები ურიგდებიან. სამი წლის წინ, როცა სულაკაურმა (დათო ტურაშვილისა და აკა მორჩილაძის გამომცემელმა) წიგნის გამომცემელთა ასოციაციაში მმართველი პოზიციები დაკარგა, მალევე ასოციაცია დატოვა და სანაცვლოდ ახალი, ალტერნატიული კავშირი დააარსა. ბაზარზე, რომლის საქონელბრუნვაც დაახლოებით ორასი მილიონი კრონია, რაც ჩვენი (ნორვეგიული), ასევე პატარა წიგნის სექტორის 3-4 პროცენტს შეადგენს, ორი მსგავსი გაერთიანების არსებობა მისაღები არ უნდა იყოს. კარგით, რა! ჯობს, ერთმანეთს მხარში ამოუდგეთ.

გვანცას ვეკითხები, თქვენი ქვეყანა, რომელსაც ულამაზესი ბუნება, კულტურული ფასეულობები, ზომიერი ჰავა და მიწათმოქმედების უძველესი ტრადიციები აქვს, ასეთი ღარიბი რატომ უნდა იყოს-მეთქი…

„იმიტომ, რომ პოლიტიკოსები დროდადრო ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. შიდა წინააღმდეგობები ყოველთვის გზად გვეღობება!“ – მპასუხობს მრავალმნიშვნელოვნად.

8

სულ სხვა ამსტერდამი

„საარაკო დროში გვიწევს ცხოვრება.

ქვეყანას სწორედ ახლა ვაშენებთ.“

დათო ტურაშვილი,

მწერალი.

დათოზე ნადირობა დასრულდა. ან იქნებ, არც დასრულებულა? ამ ადამიანს თბილისის წიგნის დღეების ბოლოს დღეს ვიხელთებთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალაქის ძველი უბნისკენ, მორიგ შეხვედრაზე მიიჩქარის. თაყვანისმცემლებს ხელიდან ვგლეჯთ, საგამოფენო დარბაზიდან გარეთ გაგვყავს და გაბრიაძის თეატრის შენობამდე გვანცას მანქანით მივაქროლებთ. უკანა სავარძელზე ვსხედვართ და ინტერვიუს ნაჩქარევად ვწერ. რამდენიმე წელი ესპანეთში ცხოვრობდა და ინგლისურად ლათინური ჟესტიკულაციით საუბრობს. შავ ქურთუკსა და ასევე მუქი ფერის მზის სათვალეში ზუსტად ისეთი „cool“ ტიპია, როგორსაც ველოდით.

კაცთან, რომელმაც საბჭოთადროინდელი საქართველოს შესახებ ყველაზე გაყიდვადი რომანი შექმნა, ინტერვიუს ჩაწერა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. არცერთ კითხვას არ პასუხობს, თითქოს თავს არიდებს, “I don’t know” იმეორებს ხშირად და მხრებს იჩეჩავს. სამაგიეროდ, ბევრ საგულისხმო მოსაზრებას გვიზიარებს:

(მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ ახალგაზრდა ქალებზე):

„უნივერსიტეტში ლექციის ჩატარებისას აშკარად ვამჩნევ, რომ სტუდენტი გოგონები ბევრად უფრო გახსნილები და ინტერესიანები არიან, ვიდრე ბიჭები. 1991 წლის შემდეგ მთელი ტვირთი ქალებს დააწვათ, ცხოვრება რქებით გაიტანეს. ჩვენ კი, კაცებმა კი თითქოს ფარხმალი დავყარეთ და გაჭირვებას დავნებდით.“

(საჭესთან მჯდომი გვანცას ერთ-ერთი სახიფათო მანევრის შემდეგ):

„ქართველი ქალები საშიშები არიან. ქალებს უნდა ერიდოთ…. უკაცრავად!“

(„ჯინსების თაობის“ შესახებ):

„მკითხველები ხშირად მეკითხებიან, რატომ დავწერე ეს წიგნი… მიზეზი ბევრი მქონდა. პირველ რიგში, მინდოდა მეცადა და გამეაზრებინა, იმ ახალგაზრდების ადგილას მე როგორ მოვიქცეოდი. მსგავს სიტუაციაში, რა არჩევანს გავაკეთებდი.“

(„ჯინსების თაობის“ შესახებ):

„თხუთმეტი წლის წინ, როცა პრემიერამდელ ჩვენებაზე ბილეთის ყიდვა მინდოდა, ყველა ბილეთი გაყიდული აღმოჩნდა. დღესაც ასეა. აზრზე არ ვარ, ამ სპექტაკლის საყურებლად ხალხი ხელმეორედ რატომ მიდის. ალბათ, ისინიც ამა თუ იმ ფორმით ცდილობენ პასუხის მოძიებას. ჩემი წიგნი „ჰარი პოტერზე“ მეტი ეგზემპლარით გაიყიდა. არავინ იცის, რატომ.“

(როცა თბილისის „დინამოს“ სტადიონს ჩავუარეთ):

„მეც, როგორც ყველა ბავშვი, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ დედამ მითხრა, ჯანმრთელობისთვის მავნებელიაო. ასე რომ, სანაცვლოდ ქართული ფეხბურთის ისტორია დავწერე.“

(მტკვრის შესახებ):

„ხალხს ჰგონია, რომ ეს მართლა მტკვარია… სინამდვილეში, თურქებმა მდინარეს მიმართულება შეუცვალეს. ქართველებს ვერაფრით შევაგნებინე. ჩემი არავის სჯერა. ეს სულ სხვა მდინარეა. ეს ის მტკვარი არ არის, საბჭოთა პერიოდში რომ მოედინებოდა. ნაკადი ისევ უნდა დავწერო!“

(სერგეი ჟადანის შესახებ):

„ერთი თვის წინ ოდესაში, ფესტივალზე შევხვდი. ბენდში უკრავდა. მართლა ძალიან მაგარია.“

(საბჭოთა კავშირის შესახებ):

„ოფიციალურ საბუთებში 1991 წლიდან დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ საბჭოთა კავშირი აზროვნებიდან ვერ ამოვიგდეთ. ალბათ, ბოლომდე გათავისუფლებას ვერასოდეს შევძლებთ.“

(როცა ქალაქის ძველ უბანში შევდივართ):

„მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა მიჯნაზე ჩვენი კულტურა ევროპულ, აზიურ და სხვა კულტურათა ნაზავს წარმოადგენდა. საბჭოთა ხანამ ყველაფერი მოსპო. ჩვენმა ლიტერატურამ აღმოსავლური ხიბლი დაკარგა.“

(რუსული ლიტერატურის შესახებ):

„რუს მწერლებთან კონტაქტებს ვინარჩუნებთ, მაგრამ გეზი დასავლეთისკენ გვაქვს აღებული. პრობლემებს ლიტერატურული კი არა, არამედ მილიტარისტული რუსეთი გვიქმნის. რუსის ჯარები აქედან სულ რაღაც ორმოცდაათ კილომეტრში დგანან. აბა, დაფიქრდით…“

(ქართული კერძების შესახებ):

„სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო ქართველებს ყოველთვის შთაგვაგონებდა. დროთა განმავლობაში უცხო კერძები იხვეწებოდა და ქართული ხდებოდა. ხინკალი ჩვენთვის სიწმინდესავითაა.“

(საქართველო დღეს):

„საარაკო დროში გვიწევს ცხოვრება. ერთი შეხედვით, ალბათ, ყველაფერი ჩამონგრეულ-ჩამოქცეული ჩანს, თითქოს ყველგან რაღაცაა გასაკეთებელი, მაგრამ უამრავი შესაძლებლობა გაგვაჩნია. ქვეყანას სწორედ ახლა ვაშენებთ.“

ბოლოს, დათო ტურაშვილი თავისი ახალი რომანის შესახებ გვიყვება. „სხვა ამსტერდამი“ 2016-ში გამოიცა. ჯინსების მსგავსად, ნიდერლანდების დედაქალაქიც ქართველი ახალგაზრდობისთვის თავისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო. სექსი, ნარკოტიკები, როკენროლი… მაგრამ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამსტერდამში გამგზავრება ფაქტობრივად, შესაძლებელი გახდა, ახალგაზრდები სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ:

9

„მე სულ სხვა ამსტერდამი დამხვდა და ის სულაც არ იყო ისეთი, როგორზეც გამუდმებით ვოცნებობდი. საქართველოდან ჩასულ დანარჩენ ახალგაზრდებსაც იგივე განცდა დაეუფლათ. ამსტერდამის შესახებ სუბიექტური წარმოდგენები გვქონდა. სინამდვილეში კი ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც გვეგონა. ესეც პოსტსაბჭოთა გამოცდილების ერთ-ერთი ნაწილია.“

წიგნში დათო თავისი ოჯახის ამბებს არკვევს. ბაბუამისი წითელ არმიაში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამსტერდამში გადასულა. როცა საბჭოთა კავშირში დაბრუნდა, ტყვეთა ბანაკში გაუშვეს და თერთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დათოსთვის დედას მოუყოლია, ბაბუა ადგილობრივ პარტიზანებს უჭერდა მხარს და ამ მიზეზით განსაკუთრებულად საშიშ ელემენტად მიიჩნიესო. დათოს მამა კი ამბობდა, წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა და მოღალატე იყოო.

„ბოლოს ბებიას ვკითხე. ამ ამბის ყველაზე სარწმუნო წყაროდ ის ითვლებოდა. მან კი ჩემს მშობლებს მატყუარები უწოდა. სინამდვილეში, ამსტერდამში ბაბუას საყვარელი ჰყავდა.“

დათოს ახალი წიგნი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მორიგი სამხილი იქნება, თუმცა, ამჯერად ავტორი ომისა და ომისშემდგომი პერიოდის მოვლენებს აღწერს. აშკარად ვრცელი ნაწილი ეთმობა ოჯახურ დრამასა და სიყვარულს. გვანცაც სწორედ ამას გულისხმობდა, როცა ამბობდა, კარგი იქნება, ვინმემ ახალგაზრდების ურთიერთობასა და სიყვარულზეც დაწეროს რომანიო.

იქნებ, ზუსტად ისეთმა წიგნებმა, როგორიც სხვა ამსტერდამია, ქართულ ლიტერატურას ახლებურად უბიძგოს. დროა, საბჭოთა ციებ-ცხელება დავიწყებას მიეცეს. წარსული ამბების გადაფასება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ იმავდროულად, ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული, ინდივიდუალური თემების შემოტანაც აუცილებელია. ეს დინამიკური პროცესია და შესაბამისად, მწერლებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად თემატური სივრცე უნდა გაიფართოვონ. ქვეყანაში, სადაც რუსული ყუმბარები და საბჭოთა რიკოშეტები ნებისმიერ წუთს შეიძლება თავს დაგატყდეს, სწრაფი ნაბიჯებით წინსვლა რთულია. თუმცა, უდაბნოში ხეტიალი ნამდვილად არ მოგიწევთ, რადგან ამ წინსვლისთვის საქართველოს ზედმეტად ნაყოფიერი ლიტერატურული გამოცდილება გააჩნია.

[1] ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, ინგვარ ამბიორნსენის (დაბ. 1956) რომანი.

[2] ირვინ ველში (დაბ. 1958 წ.), თანამედროვე შოტლანდიელი მწერალი და დრამატურგი.

[3] მაგნუს მილსი (დაბ. 1954 წ.) , ინგლისელი მწერალი.

ნორვეგიულიდან თარგმნა თამარ კვიჟინაძემ

Molly Bloom’s Day

image

ათიოდე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, ბლოგერი გახდები და თავისუფალ დროს ჰობის დაუთმობო, ალბათ, გულიანად გამეცინებოდა. საკუთარი გემოვნებით შერჩეული პროფესიით ვმუშაობდი და სხვა, უკეთესი და უფრო საინტერესო საქმე თუ მოიძებნებოდა ჩემთვის, არც მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდაო, გეცოდინებათ… შემიჩნდა ეშმაკი და ვორდპრესის აწ უკვე მშობლიურ, მაშინ კი უცხო და უცნაურ ხლართებში გავები.

ვირტუალური სამფლობელოს სახელზე დიდხანს არ მიფიქრია. ვიცოდი, წიგნებზე უნდა მეწერა. დამთხვევებიც გავითვალისწინე და ფსევდონიმი “ულისედან” ავარჩიე. ესეც არ იყოს, Molly Bloom’s Day პერსონალური ბლოგისთვის შესაფერად მეჩვენა.

ჰოდა, ხუთი წელია, ასე ვარ. კვირაში ორჯერ, ქვეყანა თუ არ იქცევა, ახალ ბლოგპოსტს ვაქვეყნებ. მე შენ გეტყვი, მოსაყოლი შემომაკლდება. ჩვენს გამომცემლობებს მუშაობის ტემპს ნამდვილად ვერავინ დაუწუნებს. წიგნებზე საუბარი ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ერთფეროვნება, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია. დედამიწის ზურგზე ყველაზე საინტერესო თემაც კი მოგბეზრდება, საკმაზად რამე თუ არ შეურიე. ამიტომ კინოზეც ვწერ, მუსიკაზეც, კულინარიაზეც, ბლოგზე მცირე ვერნისაჟიც მაქვს მოწყობილი და გაბრაზებული პოსტებიც მომეპოვება. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და უთქმელობა არ გამოდის.

პირად ამბებზე საუბარი არ გიყვარსო, საყვედურნარევი რჩევაც ხშირად მომისმენია და ამაზე პასუხად ერთი ძალიან ჭკვიანი ბლოგერის ოდნავ სახეცვლილი ფრაზა მაქვს მომარჯვებული – რაზეც არ უნდა ვწერდე – კრუასანზე, ეკოს ახალ რომანზე თუ  კრანახის ტილოზე – სინამდვილეში, მაინც საკუთარ თავზე ვწერ-მეთქი.

დამეთანხმეთ, ასეა და, ლიტერატურული, მუსიკალური და არტპოსტები, ხშირად, უფრო მეტს ამბობს ავტორზე, ვიდრე წვრილად ჩამოწიკწიკებული და უხვად ილუსტრირებული CV.

ლიტერატურული ბლოგი, მოგეხსენებათ,  ყვითლად შეფერადებული ტაბლოიდი არ არის, მყვირალა სათაურებით და ცხარე თემებით მნახველს ვერ მოიზიდავს. ვიზიტორებზე მეტად მკითხველებზე ვარ ორიენტირებული. მე და ჩემი სტუმრები ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. მორიგ ლიტრევიუს რომ ვწერ, თითქმის ზუსტად ვიცი, ვინ რას იტყვის,  ვის რა მოეწონება, ვინ რას წაიწუწუნებს. ზოგჯერ ვკამათობთ. ლიტერატურაზე საუბარი კამათის გარეშე ვის გაუგია…  საბოლოო ჯამში, მთავარი ის არის, ამდენი, ცა და დედამიწასავით განსხვავებული გემოვნების ადამიანი, ერთ სივრცეში შეკრებას რომ ვახერხებთ და რაღაცებზე ვთანხმდებით კიდეც.

დღეს წიგნებს არავინ კითხულობსო, მოარული ფრაზაა. არ დაიჯეროთ. ჩვეულებრივი, გაცვეთილი სტერეოტიპია. კითხულობენ და მერე როგორ. თანამედროვე მკითხველი მომთხოვნი და წუნიაა. კარგი გაგებით, ცხადია. მიფუჩეჩებულ, უხარისხო პროდუქტს ვერ მოაწონებ. ყველაფერი აინტერესებს. ყდა, ფორმატი, ილუსტრაციები. თარგმანზე და რედაქტირებაზე არაფერს ვამბობ. კინკილა კორექტურა რაა, ისიც არ გამოეპარება. რას იზამ – არჩევანი იმდენად დიდია და კონკურენცია ისეთი ძლიერი, ხარისხის თამასა მაღლა თუ არ არის აწეული, წასულია საქმე.

ჩემი ფეისბუქის მეგობრები წიგნის ფესტივალამდე ერთი თვით ადრე იწყებენ ბიუჯეტის დაგეგმვას, კატალოგებს ათვალიერებენ, საინტერესო გამოცემებს ინიშნავენ. ბავშვები. სულ პატარები. სტუდენტები და მოსწავლეები. ნამდვილ მკითხველს ასაკი არ აქვს, ერთმა გოგომ მომწერა, შენს ბლოგს მე და ბაბუა ერთად ვკითხულობთო. ამაზე დიდ კომპლიმენტს და ჯილდოს, ალბათ, ვერც ვინატრებდი.

დეკემბრის ბოლოს წიგნის საახალწლო ფესტივალს ველოდებით. აქეთ გამომცემლობებს უდგათ ცხელი დღეები, ახალი წიგნებიო, ფასდაკლებებიო, პრეზენტაციებიო,  იქეთ ჩვენ ვგეგმავთ საფესტივალო მარშრუტს, სამ დღეში ყველაფრის მოსწრება როგორია, რაც არ უნდა მოინდომო, რამე აუცილებლად გამოგრჩება, მასპინძელი – ეროვნული ბიბლიოთეკა ცალკე ემზადება, მოკლედ, ერთი გაწამაწიაა, ოღონდ მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე სასიამოვნო გაწამაწია და რიარია. ნამდვილი წინასაახალწლო ბიბლიოზეიმი.

მე კი ძალიან მინდა, თბილისში საბავშვო წიგნის ფესტივალები ტარდებოდეს. საახალწლოდ. ან ნაახალწლევს. როგორც მოხერხდება. პატარა (და არა მხოლოდ) მკითხველების გულის გასახარად. სასიამოვნოცაა, სასარგებლოც და სასიცოცხლოდ აუცილებელიც. წიგნი ცოდნაა. ცოდნა კი, ერთი ძველი ფრაზის არ იყოს, ძალაცაა და თავისუფლებაც.

მოლი ბლუმი

ბლოგერი

“ევროპული აკადემია” – თავისუფალი სივრცე წალენჯიხაში

12286151_10207283495142979_1696864211_n

შექმნა თავისუფალი სივრცე რაიონში, თქვა ახალი სიტყვა, მოამზადო განსხვავებული ფორმატის შეხვედრები, მოიპოვო ნდობა და დააინტერესო ადამიანები – ეს პროცესი საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო და გარკვეულწილად აზარტულიც კი აღმოჩნდა.

დღეს „ევროპული აკადემია“ პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარულია, რომლის სრულყოფისკენ სწრაფვის ენთუზიაზმი სამი წელია არ გამნელებია.

რატომ შეიქმნა „ევროპული აკადემია“? – მე დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხაში. ჩემი ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამიჩნდა მაშინ, როდესაც უცხოეთის პატარა ქალაქებში ყოფნამ მომიწია, სადაც სიცოცხლე დუღდა, ახალგაზრდები ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და ქმნიდნენ მომავალს. ვფიქრობდი, ნეტა ჩემს ქალაქშიც ასე ხდებოდეს და უცხო ქვეყანაში ან დიდ ქალაქებში დარჩენის ნაცვლად, წალენჯიხაშიც ჰქონდეთ ახალგაზრდებს ცხოვრების, მუდმივად დარჩენის შესაძლებლობა და მოტივაცია.

ამ ემოციამ, განცდამ და ძლიერმა სურვილმა შთამაგონა, საკუთარი ხელით შემექმნა ეს სივრცე – დღეს „ევროპული აკადემია“ არა მხოლოდ ჩემი ოცნებებისა და იდეების ხორცშესხმა, არამედ ის ადგილია, რომელმაც გარკვეული რეალობა შეცვალა, სტერეოტიპი დაანგრია და ჩემი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

რას ვაკეთებთ „ევროპულ აკადემიაში“? – საგანმანათლებლო ცენტრში უცხო ენები თანამედროვე მეთოდოლოგიით ისწავლება, რაც იმას გულისხმობს, რომ ენის სწავლების პროცესი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილი. ესაა მუდმივი კომუნიკაცია მსმენელსა და მასწავლებელს შორის, ინტერკულტურული ასპექტების სწავლება, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და აქტიური გაკვეთილები. ვცდილობთ, ენის შესწავლა გახდეს ყველასათვის სასურველი, ასაკის შეუზღუდავად. ვთავაზობთ ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენების კურსს.

ამ პროცესში ყველაზე დიდ პრობლემას წავაწყდით ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, წალენჯიხაში ცოტაა ახალგაზრდა, უცხოური ენის მცოდნე კადრი. ამასთან ადგილობრივი მასწავლებლები სკოლისა და კერძო გაკვეთილების გამო ჩვენთან მუშაობის სურვილს არ გამოთქვამენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სამწლიანი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე რთული სწორედ კადრების მოძიება, მათი სტაბილური მუშაობის ხელშეწყობა და მუდმივად სწავლების ხარისხზე ზრუნვა იყო, იმ პირობებში, როდესაც ენების სწავლების დაინტერესებას გამოთქვამენ მხოლოდ 4-დან 18 წლამდე მსურველები – ისინი, რომლებსაც მომავალში სჭირდებათ უცხო ენის ცოდნა სწავლის გასაგრძელებლად, გამოცდის ჩასაბარებლად და დიდ ქალაქში დასაქმებისათვის. ჩვენს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი არა აქვთ მოტივაცია ისწავლონ ენა (დასაქმების სფერო არ არის მრავალფეროვანი ან თუნდაც ისეთი, სადაც უცხოური ენის ცოდნა იქნება აუცილებელი). ასევე პრობლემად რჩება მსურველების მიღება მეზობელი სოფლებიდან, რაც გამოწვეულია ტრანსპორტის დეფიციტით.

მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული აკადემიის“ შემოსავლის წყარო ძალიან მწირია, ენთუზიაზმი, მონდომება არ გვტოვებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი სიახლეების დანერგვაა: ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით შევქმნათ ახალი სასწავლო პროგრამა და განვახორციელოთ ის პროექტები და აქტივობები, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვალისწინებული.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო „დარგობრივი ლექცია აბიტურიენტებისათვის“, 2012-2013 წლებში, ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული. პროექტი მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისათვის ცნობიერების ამაღლებას, იმისათვის, რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეგოთ უფრო მეტი მათთვის სასურველი ფაკულტეტის, შერჩეული პროფესიის, ახალი შესაძლებლობების შესახებ. პროექტის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში ვუმასპინძლეთ ილიას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც აბიტურიენტებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობდნენ ლექციებს, პრეზენტაციებს.

2012 წლიდან „ევროპულ აკადემიაში“ შეიქმნა მკითხველთა კლუბი „ლიტერატურა ფინჯან ჩაისთან“. თვეში რამდენჯერმე ახალგაზდები იკრიბებიან და სასიამოვნო გარემოში კითხულობენ წიგნს, მართავენ დისკუსიას, ნახულობენ ფილმს. იმ მიზნით, რომ საოცრად მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მიგვეცა დამატებითი შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ თანამედროვე ავტორებს, ესაუბრათ მათთან თავისუფლად და დისტანციის გარეშე, 2015 წლიდან, გამომცემლობებთან „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ თანამშრომლობით დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველი ავტორები წარადგენენ თავიანთ წიგნებს.

განსაკუთრებულად მახსენდება სტუმრები პოლონეთის ქალაქ სეინედან ქშიშტოფ ჩიჟევსკის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენს მსმენელებთან და გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ უნდა შევქმნათ პატარა ქალაქში კულტურული სივრცე, როგორ გავზარდოთ მოტივაცია ახალგაზრდებში.

ყველა ის ადამიანი, ვინც „ევროპულ აკადემიას“ სტუმრობს, გვიტოვებს უსაზღვროდ დიდ სითბოსა და ძალიან საინტერესო შეხვედრას. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ყველა მსმენელი და პროექტში ჩაბმული ახალგაზრდა – ჯანსაღი და ღირსეული თაობა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია შეცვალოს რეალობა, მიიღოს ახალი, მოისმინოს განსხვავებული შეხედულება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და მოგვცეს სტიმული, მიუხედავად ბევრი სირთულისა, გვქონდეს თავისუფალი სივრცე, სადაც ერთად შევქმნით ახალ, განსახვავებულ სამყაროს.

ანი გერგედავა

ლინგვისტი, ევროპათმცოდნე

წიგნები მაღალმთიან სოფლებს

თეკლა ქველაძე

ერთხელ ერთმა ძალიან მაგარმა ხევსურმა გოგომ თქვა, რომ „ადამიანებს კარგი რაღაცების კეთებაც შეგვიძლია თუ მოვინდომებთო“. ჰოდა, მეც ამ ამბის მოყოლას ყოველთვის ასე ვიწყებ, როგორ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა კარგი რაღაცების კეთება.

თუმცა იქამდე ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი უნდა შეგახსენოთ: 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 164 სოფელი იყო დაცლილი. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და დღეს მდგომარეობა ბევრად საგანგაშოა. წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლაშქრობისას ვხვდებოდი დაცლილ სოფლებს და სახლებს, ბევრი მათგანი ჩემს თვალწინ იცლებოდა წლიდან წლამდე. სწორედ ამიტომ 2014 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ პროექტი „წიგნები მაღალმთიან სოფლებს“. მართალია, მძიმე სოციალური პირობების ფონზე რთულია და თითქმის შეუძლებელია წიგნებით მოსახლეობის მთაში დაკავება. ხშირად მიკამათია ჩემს მეგობრებთანაც და სრულიად უცხო ადამიანებთანაც ამ თემაზე, ხშირად მომისმენია ფრაზა „ვის რად უნდა შენი წიგნი?!“, ყველაზე უფრო გავრცელებული კი მაინც, ასფალტისა არ იყოს, წიგნების ჭამა-ვერ ჭამის საკითხი იყო, – რომ ხალხს შია, სცივა და სწყურია და წიგნი გამოსავალი არ არის. მე კი მაინც ჯიუტად მგონია, რომ ეს იყო წინ გადადგმული, პატარა ნაბიჯი იქ მცხოვრები ადამიანების მომავალი კეთილდღეობისათვის. გარდა ამისა, წლებია მთაში დავდივარ და ვიცი რას ნიშნავს მათთვის თითოეული შეხმიანება, თითოეული სტუმარი და გზავნილი ბარიდან. მაშინაც და ახლაც – ორი წლის შემდეგაც მჯერა, რომ წიგნიერი, განათლებული, ინტელექტუალი და პროგრესულად მოაზროვნე ახალი თაობა არის ძლიერი სოფლის, კუთხისა და ქვეყნის საწინდარი. მჯერა, რომ განათლებულ და სწორად მოაზროვნე ადამიანებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ უკეთესობისკენ და ამის ძალიან კარგი მაგალითი კი ის არის, რომ დღეს არაბულების დამსახურებით ძალიან ბევრმა იცის სად არის ხევსურეთი, ჩირდილი და კორშა.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და უამრავი არამკითხე სკეპტიკოსისა, ალბათ ჩემს მეგობრებსაც გულის სიღრმეში სჯეროდათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე უნდა გაკეთებულიყო. ჰოდა, ჩვენც დავიწყეთ, დავიწყეთ ნულიდან, არ გვქონდა არც შესაბამისი გამოცდილება, არც ფინანსები, არც ძლიერი ზურგი და ცნობადობა, რაც ნამდვილად საჭიროა მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ერთადერთი, რაც გვქონდა, იყო სურვილი, სურვილი და სიყვარული წიგნისა და მთის.

ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროექტი უნდა დაწყებულიყო ხევსურეთიდან, იმიტომ რომ წლების განმავლობაში დიდი სიყვარული და მადლიერება დამიგროვდა ამ კუთხისა და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ და სულ მინდოდა რაღაც პატარა სიკეთე დამებრუნებინა მათთვის.

პირველ და აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ბიბლიოთეკისა და სამკითხველო დარბაზის მოწყობა ბარისახოს სკოლაში. ახლა რომ ვიხსენებ, ყველაფერი იმაზე რთული და დამღლელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. წინ იყო უამრავი უძილო ღამე, პრობლემა და წინაღობა. მოგვიწია უამრავ ადამიანთან და კომპანიასთან დიდი მოთმინებით ურთიერთობა. თხოვნები, წერილები, საბუთები, ისევ თხოვნები და ისევ წერილები და დაუსრულებელი ბიუროკრატია. თავიდან ცოტა გვერიდებოდა, ცოტა გვეშინოდა, ცოტა არ გამოგვდიოდა, მაგრამ ჩვენმა ქალაქმა გამოიჩინა საოცარი სოლიდარობა და თანადგომა პროექტისა და მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ. არასდროს დამავიწყდება პირველი წიგნები, რომელიც ზვიად კვარაცხელიამ გადმოგვცა „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ სახელით, შემდეგ მოჰყვა „საუნჯე“, „რადარამი“ და უამრავი მოქალაქე, რომელებიც ძალიან დიდი რაოდენობით წიგნებს გვჩუქნიდნენ. პოეტები, მწერლები, ლიტერატურული და თეატრალური სფეროს მოღვაწეები, რომლებმაც ჩაწერეს ვიდეო-მიმართვები მოწოდებით, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩართულიყო წიგნების შეგროვებაში და მახსოვს რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ ავუდიოდით წერილებზე პასუხის გაცემასა და წიგნების შეგროვებას. როცა 25 მარტს „თიბისის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორთან ერთად ჩავედით ბარისახოში სამუშაო ვიზიტით, მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი და ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა. გარშემო იყვნენ საოცარი ბავშვები, ბავშვები კეთილი და ლაღი თვალებით, და მივხვდი, რომ უბრალოდ არ გვქონდა უფლება ამ ლაღი ადამინებისთვის არ გაგვეკეთებინა რაღაც ძალიან მცირედი. ასეთი ბავშვები იყვნენ შუაფხოშიც, ასეთები არიან მთაში ყველგან, რაღაც თანდაყოლილი ბედნიერება აქვთ თვალებში და ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა ამ პროქტით მათთვის, რომ ისინი გვახსოვს და გვიყვარს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა ერთი წელიც არ იმუშავა და სულ რამდენიმე სოფელს დაეხმარა წიგნებით და არც მოსახლეობის მიგრაცია შეწყვეტილა მთიდან ბარში, მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და მისცა ბიძგი სხვა ბევრად უფრო დიდი პროექტების წამოწყებას, რომლებიც დღემდე გრძელდება. ყველაზე მეტად კი გული იმაზე მწყდება, რომ ფინანსების არქონის გამო უამრავმა წიგნმა ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე. მაშინ, როცა დღემდე ვიღებთ თხოვნის წერილებს სხვადასხვა სოფლიდან, მე და ჩემს მეგობრებს სახლებში ყუთებით გვილაგია მათთან გასაგზავნი წიგნები. ჩვენი ყველა მცდელობა, ხელახლა მოგვეპოვებინა მცირე დაფინანსება წიგნების გასაგზავნად, წარუმატებლად დასრულდა. არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ ბლოგის გამოყენება მიმართვის ან თხოვნისათვის, მაგრამ თუკი ნებისმიერი კომპანიისგან ან კერძო პირისგან იქნება ინიციატივა დაგვეხმაროს დარჩენილი წიგნების დაბინავებაში, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ვიტყვი, რომ პროექტი „წიგნები მაღალმთიან სოფლებს“ შედგა და დასრულდა წარმატებულად.

ამ პროექტმა დაგვანახა, რომ წიგნებს ყველა დროში აქვთ ძალა, გააერთიანოს ძალიან ბევრი ადამიანი ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო. ჩემთვის კი, როგორც ამ პროექტის ავტორისთვის, „წიგნები მაღალმთიან სოფლებს“ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია, ყველაზე დიდი მიღწევა და დღემდე, როცა ადამიანური უძლურება და უიმედობა შემაწუხებს ხოლმე, ვიხსენებ, როგორ გავხდი ბედნიერი წიგნების საშუალებით და თუ მოვინდომებთ, კარგი რაღაცების კეთება სულაც არ არის რთული.

წიგნები მაღალმთიან სოფლებს ის ამბავია, რომელსაც ერთხელ მაინც აუცილებლად მოვუყვები შვილიშვილებს  – ამბავს წიგნებსა და მთებზე.

თეკლა ქველაძე

ტელე-რადიო ჟურნალისტი

მეოცნებე გოგო

12188710_10207147667947384_1572926412_n

რაც თავი მახსოვს, ანუ სამი ათეული წელია მეოცნებე გოგო ვარ. მას შემდეგ არ შემიწყვეტია ოცნება, რაც კითხვა ვისწავლე და არანორმალურად შევიყვარე ეს სხვა, პარალელური და წარმოსხვითი სამყარო. თავდაპირველად, ქართულთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრებსაც გავეცანი. შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით წავიკითხე ძმები გრიმები, ანდერსენი და სელმა ლაგერლოფი.

ამ დროს, ჩემს ოცნებებს ყოველთვის ჯადოსნური ელფერი დაჰკრავდა: წარმოვიდგენდი, როგორ შევცვლიდი ჩემი და ჩემი ახლობლების ცხოვრებას ჯადოსნური ჯოხი ან ნატვრის თვალი რომ მქონოდა, ან ოქროს თევზი რომ დამეჭირა. ზოგჯერ, უჩინმაჩინის ქუდი და მოლაპარაკე სარკეც მხიბლავდა. იმ შავბნელ 90-იანებში კი, ადვილი წარმოსადგენია რამდენი რამის შეცვლა და გაჩენა შეიძლებოდა მოგდომებოდა.

მეც ვიჯექი და ვოცნებობდი… ღრუბლებს მივაშტერდებოდი და თვალებ მოჭუტული ფიქრებში ვიძირებოდი. ზამთრის გრძელ და ბნელ ღამეებში, თბილ საბნებში ადრიანად გახვეულ პატარა და-ძმას ვუყვებოდი „ჩემი სამყაროს“ ამბებს: უკვდავების ქვეყნებსა და ღრუბლებში აღმართულ სასახლეებზე. არასოდეს დამავიწყდება ბავშვების გაოცებული და მოლოდინით სავსე თვალები…

ცოტა მოგვიანებით, როდესაც რომანტიზმის ხანა დამიდგა, ჩემი ოცნებები სხვა ფაზაში გადავიდნენ: „ჯეინ ეარი“, „ჯენი გერჰანტი“, „უთავო მხედარი“… (დღემდე მახსოვს ჩურჩულით წარმოთქმული „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ“… ) და „ახალი ელოიზას“ წაკითხვის შემდეგ კი, მეც წერილების წერა დავიწყე. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, წერილებს ვწერდი საკუთარ თავს. უფრო სწორად ვინმე ოლივერს, რომელსაც „გაგიჟებით ვუყვარდი“. შემიძლია გავიხსენო კიდეც ერთ-ერთი მათგანი:

„ჩემო ძვირფასო,

ორი დღეა, რაც სახლში დავბრუნდი და მომენატრე… ძალიან ცუდად ვარ. ვიხსენებ სოფელში გატარებულ ნათელ დღეებს და არ მჯერა, რომ უკვე ასე შორს ხარ და ჩვენი ჭადარი, მინდვრის ყვავილები, მდინარე და სტვენის გაკვეთილები მხოლოდ მოგონებებია… მას შემდეგ, რაც შენ შეგხვდი, ჩემთვის სამყარო ორ ნაწილად გაიყო: შენ და ყველა დანარჩენი. ჰოდა, მე ჩემს წილ სამყაროს ვითხოვ. შენთან მინდა. არ დამივიწყო, სანამ ისევ მოვა ზაფხული. ძალიან გთხოვ, არ დამივიწყო.

შენი ოლივერი“

აშკარად უგრძვნია ხომ?  ტკბილი იყო ოცნებები სიყვარულზე და მალე გაზრდაზე.

ადრეულ ასაკში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ „პატარა პრინცმა“ მოახდინა.

„ყველას თავისი ვარსკვლავები ჰყავს. მაგრამ ეს ვარსკვლავები სხვადასხვანაირია. ზოგისთვის, მაგალითად, მოგზაურისთვის – ვარსკვლავები მეგზურებია. სხვებისთვის – მხოლოდ მოციმციმე სინათლეებია ცაზე. სწავლულისთვის ვარსკვლავები პრობლემაა, იმ საქმოსანისთვის კი – ოქრო იყო. მაგრამ ესენი მდუმარე ვარსკვლავებია. შენ კი ისეთი ვარსკვლავების მფლობელი იქნები, რომელთა მსგავსი არავისა ჰყავს… როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ -ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.“

ჩემი პატარა უფლისწული – ჩემი სულის მეგობარი გახდა. ის მაშინ ქართულად წავიკითხე, მოგვიანებით კი ორიგინალში და მას შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე კიდეც, რომ ჩემი ცხოვრების გზა ამ საოცარი და მოჟღურტულე ფრანგული ენისთვის დამეკავშირებინა. შეიძლება მოგვიანებით, ერთ-ორჯერ ვინანე კიდეც, მისი უპერსპექტივობის თუ ჩემი უმოქმედობის გამო, მაგრამ მაინც მგონია, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ. ამას თუნდაც ანა გავალდას „35 კილო იმედიც“ მოწმობს, რომელიც ჩემი თარგმანით და გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ უსაყვარლესი დელფინიანი ლოგოთი ალბათ უკვე ბევრი თქვენგანის თაროზეც იწონებს თავს.

ახლა მართლაც დიდი გოგო ვარ, წიგნებს ბევრ დროს ვეღარ ვუთმობ, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ ყველაფერს, რაც ლიტერატურას ეხება.

ჯადოსნობის აღარ მჯერა, ნამდვილი სიყვარული ვიპოვე, მაგრამ საფრანგეთი და პარიზი ჯერ კიდევ აუხდენელ ოცნებებად მრჩება, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. არ შეიძლება რომ არ ამიხდეს, უბრალოდ წარმოუდგენელია.

ამიტომ, პატარებო და დიდებო, იკითხეთ და იოცნებეთ! ოცნება კი, ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდება…

სოფია ბარშოვა

მთარგმნელი

ჩვენ გვიყვარს წიგნები

Goga Chanadiri

შეიძლება ბევრსაც დავობენ, საქართველოში კითხულობენ თუ არა წიგნებს, მაგრამ აქციას „ჩვენ გვიყვარს წიგნები“, რომელიც „ფეისბუქზე“ 2015 წლის აგვისტოში დავიწყე, ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.

ბევრმა წაკითხული წიგნის შთაბეჭდილება ბრწყინვალედ გაგვიზიარა და ამან კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. აღმოვაჩინე წიგნები, რომელიც წაკითხული არ მქონდა და სწორედ ამ გამოხმაურებების შემდეგ დავინტერესდი.

ზოგმა იეჭვა, რომ ნაწილი ფოტოს წიგნისმოდურობის გამო იღებს, თორემ ზედაც არ უყურებსო. მერე, რა? დაე, მოდურობის გამო გადაიღოს ფოტო, მაგრამ წიგნს ერთი უნიკალური თვისება აქვს – როგორც კი ხელში აიღებ, გადაშლი, აუცილებლად წაგაკითხებს და ახლის გადაფურცვლას მოგანდომებს. ამიტომ, მოდურობიდან ჩვევამდე 1 ნაბიჯია.

აქციის ფარგლებში ბევრმა სხვადასხვა გარემოში გადაღებული ფოტო გაგვიზიარა. ჭარბობდა ზღვის სანაპიროსა და ტრანსპორტში, უმეტესად მეტროში გადაღებული კადრები. სასიამოვნოდ გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ მგზავრობისას წიგნს ბევრი კითხულობს. თავად მე ასეთ კადრებს იშვიათად ვაწყდები, მაგრამ არც ისე იშვიათი ყოფილა.

კიდევ ერთი, რაც მომეწონა, ვნახე ბავშვებისა და წიგნების ურთიერთობის ამსახველი ფოტოები. ჩემი აზრით, ეს ამ აქციის ყველაზე ამაღელვებელი რამ იყო. ბავშვებს თავიდანვე წიგნი შეაყვარო, ნიშნავს, რომ მას წიგნიერ და განათლებულ მოქალაქედ აყალიბებ.

ბოლო დროს აქციის ფარგლებში უფრო მეტად მკითხველთა ფოტოები მხვდება, ვიდრე წაკითხულის შთაბეჭდილების გაზიარება. სწორედ შთაბეჭდილებაა ძირითადი მუხტი, რომ ახალი წიგნით დაინტერესდე.

იმისათვის, რომ აქცია „ჩვენ გვიყვარს წიგნები“ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, გადავწყვიტე, ფეისბუქმომხმარებლისთვის მხოლოდ წიგნები კი არა, ყველაფერი ის გამეზიარებინა, რაც წიგნთან და კითხვასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ეს იყო ბიბლიოთეკები, წიგნის მაღაზიები, ლიტერატურული კაფეები, ნახატები და ქანდაკებები, რომელიც წიგნს ასახავს, წიგნის ულამაზესი თაროები, სათავსოები და ასე შემდეგ.

ჩემი აზრით, ამ ფოტოებმა აქციის კედელი ძალიან გაალამაზა და ბევრისთვის შთაგონების წყაროც უნდა იყოს, რომ სახლის შიდა დიზაინში განსხვავებული ელფერი შეიტანოს.

თავად მე ამ აქციამ შთამაგონა, ჩამოვაყალიბო მკითხველთა კლუბი, სადაც მკითხველები 1 რომელიმე კონკრეტულ წიგნს განვიხილავთ ხოლმე. ამისთვის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დარბაზი გამოგვიყო. კიდევ 1 შთაგონებული იდეა ის არის, რომ მალე თბილისის სამ პარკში – 9 აპრილისა (ქაშუეთის უკან) და ვერის ბაღში, ასევე გლდანის გასართობ პარკში 3 საველე ბიბლიოთეკას დავდგამთ. პროექტს ფონდი „ორბელიანი“ დააფინანსებს, წიგნებით კი 1 წლის მანძილზე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ უზრუნველყოფს. მცირე ბიბლიოთეკის მიზანია აიღო წიგნი, წაიკითხო და უკან დააბრუნო. ასეთი პრაქტიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

დაგეგმილი მაქვს, მომხმარებლებს გამომცემლობებიც გავაცნო. ნახონ, ეს დაწესებულებები რამდენს აკეთებენ, რომ ჩვენი ცხოვრება ახალ-ახალი წიგნებით გავიმდიდროთ.

წიგნი ხომ ერთადერთი წყაროა, რომელიც ტვინს დაჭაობებისგან იხნის.

ჩემი აზრით, ყველაფერი ცუდი, რაც გვჭირს – სიღარიბე, აგრესია, დაპირისპირება, სიძულვილის ენა, სხვისი აზრის მიუღებლობა და ა.შ., მხოლოდ იმიტომ რომ წიგნებს საკმაოდ დავშორდით. აქცია „ჩვენ გვიყვარს წიგნები“, ვიმედოვნებ, რომ კითხვას უფრო მასობრივს გახდის. ჩემი მოლოდინიც ეს არის. საქართველოში ხომ წიგნი ყოველთვის უყვარდათ. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც ნაბეჭდი წიგნი გამოუშვა (1629 წელს რომში, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი, არჩილ მეფემ მოსკოვში 1686 წელს „დავითნი“ დაბეჭდა, 1709-12 წლებში კი ვახტანგ მეექვის თაოსნობით უკვე თბილისში დაიბეჭდა „სახარება, „დავითნი“, ვეფხისტყაოსანი“, „სამოციქულო“, სულ 11 წიგნი. სტამბა კი ანთიმოზ ივერიელის გამოგზავნილმა მეგობარმა მიხაილ იშტვანოვიჩმა გამართა).

დიახ, საქართველოში წიგნი ყოველთვის უყვარდათ და ყოველთვის ეყვარებათ. ჩვენ გვიყვარს წიგნები!

გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი

როცა დიდი გავიზრდები

12030879_10206983663927386_390044325_n

ბავშვობაში ექიმობა მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლექსების წერა, უფრო სწორად, შეთხზვა, სამი წლისამ დავიწყე, მეათე კლასამდე, ჩემი ყველა გეგმა და ოცნება თეთრ ხალათს უკავშირდებოდა. მითუმეტეს, არასოდეს მიფიქრია, ლიტერატურა ჩემი ცხოვრების მთავარ საქმედ მექცია. მე ლიტერატურას გავურბოდი, ის კი მაინც არ მშორდებოდა გვერდიდან, ფეხდაფეხ მომყვებოდა და ისე, რომ ჩემგან ნებართვას არ ითხოვდა, ცვლიდა ჩემს ყოველდღიურობას, ჩემს გზას, ჩემს სურვილებს. თითქოს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა, ჩემგან დამოუკიდებლად დაიწერა და გამოიცა წიგნები, რომლებსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია.

დიპლომების თანახმად, ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ვარ. ჩემი სამუშაო გამოცდილებაც იგივეს ამბობს. პარალელურად, ვწერ და ვთარგმნი, ვთარგმნი არაჩვეულებრივ ლიტერატურას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, დიდ წიგნებს, ვთარგმნი მას შემდეგ, რაც ჩემი სამუშაო დღე მთავრდება. ძირითადად, ვთარგმნი ღამით, ვთარგმნი გზაში, როცა რეგიონში ღონისძიების, ან ტრენინგის ჩასატარებლად მივდივარ, ვთარგმნი მაშინ, როცა სხვებს სძინავთ, რადგან ლიტერატურა ისე შეუმჩნევლად, ისე გაუცნობიერებლად იქცა ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად, რომ “თავის შველა” ვერ მოვასწარი.

სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოში წერა და თარგმნა ვერ გაცხოვრებს. აღებული ჰონორარი არასოდეს არის საკმარისი იმისთვის, რომ რვასაათიან სამუშაო დღეს თავი დააღწიო, რუტინული რეჟიმი დაივიწყო, სამსახურს თავი დაანებო და მთელი დრო ლიტერატურას მიუძღვნა. მითუმეტეს, რომ იმ შედევრების გადმოქართულებას, რომელთაც მთარგმნელები ვეჭიდებით, როგორც წესი, მოკლევადიანი შრომა არ ყოფნის. თარგმანისთვის სრულყოფილი სახის მიცემას თვეები, ზოგჯერ კი წლებიც მიაქვს. ასე ითარგმნება დიდი ლიტერატურა ქართულად – იმ დროს, სხვები რომ თავისუფალს ეძახიან, მეგობრებთან, ახლობლებთან, ძილში, კაფე-ბარებსა და მოგზაურობაში რომ უნდა ვატარებდეთ, რადგან, ბოლოს და ბოლოს, მწერლები და მთარგმნელებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.

ზოგჯერ მგონია, რომ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. ერთი მხრივ, მთარგმნელები ვჩივით, რომ გამომცემლები ცოტას იხდიან, მეორე მხრივ, გამომცემლები ჩივიან, რომ ქართული ბაზარი პატარაა და შესაბამისად, არც მათი შემოსავალია დიდი. რაც მთავარია, არცერთი ვტყუით. გამოსავალი ალბათ ერთობლივ ძალისხმევაშია, საზოგადოების მხრიდან წიგნის სიყვარულში, რაც გაყიდვებს გაზრდის, სახელმწიფოს მხრიდან გამომცემლების, მთარგმნელებისა და ავტორების შრომის წახალისებაში, რაც ახალი, საინტერესო გამოცემების მომრავლებას შეუწყობს ხელს.

ალბათ იკითხავთ, რატომ ვთარგმნი, რატომ ვათენებ ღამეებს, თუკი ჩემი ყოველთვიური ხელფასი ერთი წიგნის თარგმნაში აღებულ ჰონორარს უდრის და ზოგჯერ აღემატება კიდეც. მიზეზი მარტივია -როცა მკითხველების წერილებს ვიღებ, როცა ჩემი თარგმანებიდან ამოღებულ ციტატებს სოციალურ ქსელში ვაწყდები, როცა თაროზე ვხედავ ჩემი საყვარელი მწერლის, მილორად პავიჩის წიგნს, რომელიც ჩემი თარგმნილია და მახსენდება, რომ ჩემთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ავტორის, სალმან რუშდის სრულიად ახალი ტექსტის თარგმნაც მალე უნდა დავასრულო, მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ დიახ, მეც ვწერივარ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი, იღბლიანი და ამაყი ადამიანების რიცხვში.

ხშირად, როცა სამსახურებრივ შეხვედრაზე მყოფს თვალწინ სათარგმნი წინადადებები დამირბის და ვხვდები, როგორ უნდა ვთარგმნო ფრაზა, რომელსაც წინა ღამით ვერაფერი მოვუხერხე, ვუშვებ, რომ შეიძლება, ოდესმე ის დროც დადგეს, მთარგმნელებს მშვიდად მუშაობის საშუალება რომ გვექნება და „თავისუფალ დროზე“ არ ვიქნებით დამოკიდებული. ალბათ დადგება კიდეც, წლების მერე, როცა ძალიან, ძალინ დიდი გავიზრდები.

თქვენ კი, ძვირფასო მკითხველებო, სანამ წაუკითხავად დაიწუნებთ ჩვენს ნაშრომს, სანამ ხელაღებით იტყვით, რომ ქართული თარგმანები არ მოგწონთ და მაგალითად, რუსული მთარგმნელობითი სკოლა გირჩევნიათ, დაფიქრდით, იქნებ თქვენი ინტერესით, თქვენი დამოკიდებულებით, თქვენ მიერ ერთი წიგნის ყიდვით, პროგრესის თანამონაწილე გახდეთ, ან უბრალოდ, კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს შეხედულებას, რომელიც, მე თუ მკითხავთ, გასაჩივრებას ნამდვილად ექვემდებარება.

სალომე ბენიძე

პოეტი

37,1

12030687_10206944350784582_1799896155_n

რამდენიმე თვეში ორი წელი გახდება, რაც დაბალი სიცხე მაქვს. რომ ვთქვა, ყველა საღამოს ვაკონტროლებ და ვიზომავ-მეთქი, პირველივე აბზაცში მაგარი ტყუილი იქნება, თან ნაკლებად საჭირო. ორ-სამ თვეში ერთხელ, სახლში სადმე თერმომეტრს რომ გადავეყრები, უფრო სწორად, თითქოს თვითონ რომ აღიმართება ჩემ წინ, როგორც გადაულახავი კედელი, ან მოქნეული მუშტი, ვნებდები, ჯანდაბას შენი თავი-მეთქი, და ათი წუთის განმავლობაში ჩახუტებული მყავს. მერე ხელის კანკალით (აქ უკვე ვამეტებ) ვიღებ, ვაკვირდები და ისეთი შეგრძნება მიჩნდება– დამარცხების თუ სადღაციდან გადმოვარდნის. რამდენიმე შორისდებულს ვამბობ გაბრაზებულ-დაბნეული და ვიწყებ შეკითხვებს დამამშვიდებელი პასუხების მისაღებად, რომ უკვე ყველა ანალიზისა და შემოწმების შემდეგ, საშიში არაფერია და ხდება ხოლმე რაღაც პერიოდის მანძილზე, წლობითაც კი, ასეთი ამბავი სხვების ცხოვრებაშიც.

ერთხელ იყო, მიკროავტობუსში ავედი, უფრო სწორად, კი არ ავედი, გაჩერებაზე კაცს ვთხოვე, ფეხს რომ შევდგამ, ხელით მომაწექი, კარი რომ მოვხურო-მეთქი. დავდექი და თავი მაღლა ავწიე ჰაერის ჩასასუნთქად. გვერდით ორი ქალი საუბრობდა, მე კი ფეხზე მეკიდა მათი ამბები, მაგრამ ერთ-ერთმა რომ ახსენა, წელიწად-ნახევარია სიცხე აქვს ჩემს ბიჭს,ანალიზები გავუკეთეთ და ნორმაში აქვს ყველაფერიო, ხელების გაშლა რომ შემძლებოდა, გულში ჩავიკრავდი.

მოკლედ, ამ ამბავმა ჩემი ნერვები და ფსიქიკა ისე არია, როგორც ისედაც არეულ ოთახში ფეხები და ხელები იქნიო დიდხანს.ტუბცენტრში ვიდექი მოძრავ აპარატებს შორის და ფანჯრის იქით მყოფ ექიმების ჯგუფს ნერვულად ვუქნევდი თავს უარყოფის ნიშნად, არ ვარ დაავადებული-მეთქი. არადა, ეგრე მათ უნდა გაეკეთებინათ და ერთ-ერთმა რომ მომბაძა და სხვებიც აყვნენ, ჩამოვხტი რაღაც თეთრი გილიოტინა-რობოტიდან და ნახევრადშიშველი გამოვვარდი გარეთ, – აბა, წავედი, ჯიგარო, მადლობა-მეთქი, –მივაძახე მაღალ ექიმ-სიკვდილის ფორმულას და დავითესე. მერე სისხლის ანალიზები ვენიდან, თითიდან, ეს იქ წაიღე, იქიდან რომ გამოხვალ, გაიხადე იქ შედი და ექიმს დაელოდე, აქ ჩაიცვი და ფული გადაიხადეო და დავდიოდიმე, უკვე არა თორნიკეჭელიძე, მე –ბატონი 37,1.

ერთადერთი, რაც ამ ორი წლის მანძილზე მუდმივად მშველოდა, ვიქტორ ცოი იყო. იყვნენ სხვებიც და არიან, სადღაც იქიდან რომ გიდგანან გვერდში ადამიანს, სადაც ყველა წავალთ, მაგრამ ცოი მაინც განსაკუთრებულად. გამოვიდოდი თეთრი დერეფნებიდან, კათეტერგამობმული, ეტლში მჯდარი მოხუცების ნახევრადშეშლილ სახეებს და შარდის სუნს მოვშორდებოდი, ვიღებდი ტელეფონს, ყურთსასმენებს ვიმაგრებდი და ვხდებოდი ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, რომ ჩემს ყოფნას რქმეოდა ცხოვრება და ვყოფილიყავი მარილი ამ ყოველდღიური გულისამრევი თუ გემრიელი სოუზის – ცხოვრების.

„Ночь пришла а за ней гроза
Грустный дождь да ветер-шутник
Руки в карманы, вниз глаза
Да за зубы язык“

ისე მღერის, თითქოს შენზე წერს, შენზე, ვინც მას უსმენ. მიდიხარ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჯიბეში ის სიგარეტი გაქვს, მეორე სიმღერაში რომ ახსენებს, თვალებს დაბლა ხრი და მიდიხარ უთქმელად, ჩუმად და მერე ჩაგესმის:

„Пей да гуляй, пой да танцуй
Я с тобой пока“

ამ სიტყვებს შეუძლია ცხოვრების ჯოჯოხეთიდან ამოგიყვანოს. იესომაც ასე არ უთქრა თავის მოწაფეებს, რომ ვიდრე მე თქვენთან ვარ, იმხიარულეთ და როცა წავალ, შემდეგ იმარხულეთო. იცი, რომ მარტო მიდიხარ, მაგრამ რაღაც თუ ვიღაც მოგყვება გვერდით. ჯანდაბა, შეიძლება გაგიჟდე, მარტო და თან ვიღაცასთან ერთად! იმდენად რეალურია, ხელსაც კი გადახვევ და დაეყრდნობი და უმეორებ შენს თავს, რომ იცხოვრო, განა იქამდე, ვიდრე ცოცხალი ხარ, იცხოვრო ყოველთვის და ყველგან, იმიტომ, რომ თუ ერთხელ, ერთი წამის მემილიარდედ ნაწილში მაინც გერქვა ცოცხალი, სულ ეგრე იქნება და არ იარსებებს სიკვდილი! განა ადამიანს ერთ დღეს სხვა სახელი ჰქვია და მეორე დღეს –მეორე, ან კალიუმი იოდად გადაიქცევა?..

ლიტერატურა, ტექსტი ერთ-ერთი სიკეთეა, რის შუქშიც ყოველთვის შეგიძლია დადგე და დაინახო, რომ არსებობ, გაქვს საკუთარი შუქ-ჩრდილები. შეგიძლია, როგორც ელემენტი, ისე დატენო საკუთარი გონება, სული, სხეული მისი სინათლით და ისევ უკან – ბნელში და ყოველდღიურ პრობლემებში გამოსულმა შენ თვითონ ანათო. ვიქტორ ცოი იმ წელს გარდაიცვალა, როცა მე დავიბადე. არც ჩემს ქვეყანაში ცხოვრობდა, არც ჩემი მშობლიური ენა იცოდა, მაგრამ, რაღაც ოხრად, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიცნობდა. მოკლედ, თვითონ აზრზე არ იყო ამის შესახებ, მაგრამ მისი ტექსტები იყვნენ და არიან.

სადღაც, სხვაგან სხვა კონტინენტებსა და მატერიკებზეც ძირითადად იგივე ხდება, რაც ჩვენთან, განსხვავებული მხოლოდ სიმძაფრე და კონტრასტებია. ახლაღა მივხვდი, რა იწვევს ნერვოზს ჩვენში, ახლა, როცა ერთი თვე ჩემს მაღალმთიან სოფელში გავატარე. ქალაქების ქუჩებში რაღაც ვერაა რიგზე. ისეთი ამბავია, თითქოს ყველანი საძინელები ოთახებიდან კი არ გამოვედით გარეთ, საფლავებიდან წამოვდექით და მკვდრები დავხეტიალებთ. ბოლო ათწლეულებში ტექნიკისა და მეცნიერების უსწრაფესმა განვითარებამ, დიდმა პოლიტიკურმა ძვრებმა და სხვა რამდენიმე უმთავრესმა მიზეზმა ადამიანები შეგვცვალა. ინფორმაციის ის ზღვა, რასაც ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელებიდან ვიღებთ, ზოგჯერ უარყოფითი შედეგის მომტანიც გახდა ჩვენთვის, მაგრამ მე ახლა ამაზე არ მინდა გავაგრძელო. უბრალოდ, ლიტერატურაზე ვსაუბრობ; სიტყვებზე, აზრებზე, პერსონაჟებზე, ემოციებზე, იდეებსა და იმედებზე, რითაც სავსეა წიგნები, სიმღერების ტექსტები და აქ ვამთავრებ წერას, რომ ადგე და ის წიგნი გადაშალო, რომელიც ადამიანივით გვერდით მოგყვება ყოველთვის, იმ სიმღერის ტექსტს ენდო, კბილის ტკივილის დროსაც კი რომ წაიღიღინებდი დათქვა, რომ შეიძლება ცხოვრება უმეტეს შემთხვევებში ისეთივე გულისამრევად პათეტიკური და მოსაწყენია, როგორც ამ ჩემი წერილის დასასრული, მაგრამ არსებობს ლიტერატურა, როგორც შავი ხვრელი, რომელიც ვარსკვლავების ნაცვლად, ადამიანებს ისრუტავს დედამიწაზე და სხვა, უკეთეს რეალობასა თუ განზომილებაში გადაჰყავს.

თორნიკე ჭელიძე

პოეტი

14 სექტემბრის საკითხავი

IMG_9973 - Copy

“გარეთ ახალი, შიგნით ნახმარი” – ამ გამოცანით მიულოცა ერთ-ერთი ცნობილი ქართული იუმორისტული ტელეშოუს წამყვანმა მოსწავლეებს საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყება. გამოცანის პასუხიც იქვე გაგვიმხილა  – პირველ კლასელების სასკოლო სახელმძღვანელო  – და განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, წლევანდელ სასწავლო წელს მოსწავლეებს ახალ გარეკანებში ჩასმული უკვე რამდენჯერმე გამოყენებული სახელმძღვანელოების შიგთავსით დახვდეს, ე.წ. ფასადური სახელმძღვანელოების პროექტად შერაცხა.

მე კი, ამ ბლოგში გამომცემლის პროფესიაზე მინდა მოგიყვეთ, ამ სფეროს გამოწვევებსა და წინააღმდეგობებზე. რამდენიმე წლის წინ, როცა ახალგაცნობილი ადამიანები ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი: გამომცემელი, და უნდა ვაღიარო, დიდ ვერაფერ შთაბეჭდილებას ვახდენდი მათზე. უფრო მეტად კი დაბნეულობას ვიწვევდი ამ მოულოდნელი პასუხით. რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და პრესტიჟულ საქმიანობად აღიარებული პროფესიის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის არც სახელისუფლებო წრეებში, ბევრი არაფერი იციან? იქნებ ის, რომ საქართველოში დღესდღეობით ჯერ კიდევ არც თუ ისე ბევრი ადამიანი ყიდულობს და მით უფრო, კითხულობს წიგნს?! ბოლო დროს ვითარება სხვა მიმართულებით შეიცვალა, ახალგაცნობილი ადამიანების ჩაკითხვამაც ასეთი ფორმები შეიძინა: აჰ, თქვენ ის ხართ,სახელმწიფომ სახელმძღვანელოები რომ წაგართვათ?  თქვენ განათლების სამინისტროს არ ებრძვით? მომიყევი ერთი, მაინც რა ხდება ამ სახელმძღვანელოებზე, იმ დღეს მოვისმინე, სამინისტრო თითო წიგნს 1600 ლარად ბეჭდავსო, და მრავალი სხვა.

რამ შეიძლება განავითაროს და გააძლიეროს უამრავი პრობლემითა და გასაჭირით დახუნძლული ჩვენისთანა პატარა ქვეყანა? ალბათ ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ – რაც შეიძლება ბევრმა პროფესიონალმა კადრმა, განათლების მაღალმა დონემ, მაღალმა ინტელექტმა.

90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობები აღმოცენდნენ და ელვის სისწრაფით განვითარდნენ. მათ საკუთარი, პროფესიული რევოლუცია მოახდინეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთმა პირველებმა მოახერხეს ქართველი მოსწავლეებისთვის სამუდამოდ დაევიწყებინათ უალტერნატივო საბჭოთა სახელმძღვანელოები და აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში, ქართველ ავტორებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების ალტერნატიული ქართული სახელმძღვანელოების შექმნა დაეწყოთ. და,რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, არაქართულენოვანი (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული) სკოლებისთვისაც კი. პარალელურად კი არანაკლები წარმატებით გამოიცემოდა მსოფლიო თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

2013 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამომცემლები ნარკოდილერებს, წურბელებს შეგვადარეს,მოგვიანებით დაგვიწუნეს მენეჯმენტი, ჩვენი ჯიბეები გასქელებულად გამოაცხადეს და მათ დაუყონებლივ გათხელებაზე დაიწყეს ზრუნვა. პირველ წელს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტმა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ქართული გამომცემლობებისა და ქართველი ავტორების კუთვნილი სახელმძღვანელოების მისაკუთრებას, ამ სახელმძღვანელოების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დაბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის ჩუქებას, შესაბამისად, ავტორებისა და გამომცემლების შემოსავლის გარეშე დატოვებასა თუ გაკოტრებას გულისხმობდა, “გაამართლა”. საპრეზიდენტო არჩევნები დიდი წარმატებით ჩატარდა. საზოგადოება კი კიდევ ერთხელ შეიყვანეს შეცდომაში, დააჯერეს, რომ ამ სამყაროში კიდევ დარჩა “რამე”, რაც შეიძლება უფასო იყოს და შესაძლებელია, რომ ეს “რამე” სრულიად უანგაროდ გაჩუქონ. დაავიწყეს უჰონორაროდ და,შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ავტორები, რომლებიც წლობით მუშაობდნენ მათი შვილებისთვის მაღალი სტანდარტის სახელმძღვანელოების შესაქმნელად, დაავიწყეს გამომცემლები, რომლებიც ყველაზე რთულ, 90-იან წლებში შეეჭიდნენ ამ ერთი შეხედვით ილუზიურ საქმეს და სიამოვნებით მიაღებინეს სკოლის მერხებზე მათი შვილებისთვის ჩამორიგებული საჩუქრები. საბოლოოდ კი, დაკნინდა და გაუფასურდა საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუვალად წოდებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება. ქართველი გამომცემლები და ავტორები კი ამ დრომდე ქართულ სასამართლოში ცდილობენ სამართლიანობის აღდგენას და, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგშიც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.

2014 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მასშტაბურ ღონისძიებაზე, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, რამდენიმეწლიანი დაუღალავი მონდომებისა და შრომის შედეგად, ქართულმა საგამომცემლო სექტორმა 2018 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი მოიპოვა. გაჭირვებით თუ მახსენდება საქართველოში რომელიმე სახელოვნებო სფერო, რომელსაც ამ რანგის საერთაშორისო წარმატებისთვის მიეღწიოს. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რამხელა პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს, რომელსაც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა,შედეგად ევროინტეგრაციისკენ გადადგმული არა თუ დიდი ნაბიჯი, არამედ ნახტომიც კი მოჰყვეს, ასევე – ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარება და ტურიზმის აყვავება.

ამ ფონზე კი, მაშინ, როცა 2018 წლამდე დარჩენილი რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული საგამომცემლო სექტორის სიძლიერე და აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის შედეგად საქართველოში2014-2015 წლებში დაიხურა რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის მაღაზია, სტამბა, გამომცემლობებმა შეამცირეს მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. უმუშევარი დარჩა ამ სფეროში დასაქმებული უამრავი ადამიანი. შესაბამისად, ისინიც შეუერთდნენ იმ ადამიანების მრავალრიცხოვან არმიას, რომლებიც ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ოჯახზე, ახლობლებზე, სახელმწიფოზე.

2015 წელს ზემოთ აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვნად შემცირებული ბიუჯეტის გამო, განათლების სამინისტრომ 650 000 მოსწავლისთვის მხოლოდ 41 000 ეგზემპლარი ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს დაბეჭდვა შეძლო, რაც ნიშნავს, რომ დღეს სკოლაში მისული ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას სკოლის მერხზე რამდენიმე გზის გამოყენებული, თუმცა ახალ გარეკანებში ჩასმული, აწ უკვე ფასადურ სახელმძღვანელოებად შერაცხული წიგნები დახვდებათ.

მიუხედავად ამ არც თუ სახარბიელო ფაქტისა, მინდა ყველა მოსწავლეს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება! ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს საუკუნეში მხოლოდ მაღალი განათლება და პროფესიონალიზმია წარმატების ერთადერთი ფორმულა, ნებისმიერი სხვა ხერხითა და მეთოდით მიღწეული წარმატება კი დროებითი და წარმავალია.

დღეს ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური გახდა გამოთქმა: უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო. კარგია, რომ ამაზე მსჯელობა მაშინ დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი მომავლის გადარჩენა და სწორ გზაზე დაყენება. სინამდვილეში, ალბათ ყველას კარგად გვესმის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა არა ვინმეს ჯიბის გასქელების, არამედ, პირველ ყოვლისა, სამუშაო ადგილების ზრდის პირდაპირპროპორციულია, რაც, შესაბამისად, ჩვენს სულ უფრო მეტ თანამოქალაქეს ფინანსურ დამოუკიდებლობასა და პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს.

გილოცავთ პირველ ზარს!

გვანცა ჯობავა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

ახალი ბლოგი

Untitled

ძვირფასო მკითხველებო!სიხარულით გატყობინებთ, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა დაგამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა ბლოგი, რომელიც გვსურს გახდეს საჯარო სივრცე ყველა ამ სფეროში მოღვაწე თუ ამ სფეროს გულშემატკივარი ადამიანისთვის, რათა მათ თავისუფლად გამოხატონ პოზიცია წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ასოციაციის ბლოგზე განთავსდება სხვადასხვა ავტორების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც არ ნიშნავს იმას,რომ ბლოგზე გამოთქმულ პოზიციას იზიარებს ან ეთანხმება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

ვფიქრობთ, რომ ასოციაციის ბლოგი უმოკლეს პერიოდში გახდება მკითხველისთვის საინტერესო და შექმნის ისეთ სივრცეს, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა მოსაზრებები.პოსტის გამოქვეყნების მსურველებს შუძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: info@gpba.ge.

პატივისცემით,

თინათინ ბერიაშვილი,

აღმასრულებელი დირექტორი