შექმნა თავისუფალი სივრცე რაიონში, თქვა ახალი სიტყვა, მოამზადო განსხვავებული ფორმატის შეხვედრები, მოიპოვო ნდობა და დააინტერესო ადამიანები – ეს პროცესი საკმაოდ რთული, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო და გარკვეულწილად აზარტულიც კი აღმოჩნდა.
დღეს „ევროპული აკადემია“ პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარულია, რომლის სრულყოფისკენ სწრაფვის ენთუზიაზმი სამი წელია არ გამნელებია.
რატომ შეიქმნა „ევროპული აკადემია“? – მე დავიბადე და გავიზარდე წალენჯიხაში. ჩემი ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამიჩნდა მაშინ, როდესაც უცხოეთის პატარა ქალაქებში ყოფნამ მომიწია, სადაც სიცოცხლე დუღდა, ახალგაზრდები ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და ქმნიდნენ მომავალს. ვფიქრობდი, ნეტა ჩემს ქალაქშიც ასე ხდებოდეს და უცხო ქვეყანაში ან დიდ ქალაქებში დარჩენის ნაცვლად, წალენჯიხაშიც ჰქონდეთ ახალგაზრდებს ცხოვრების, მუდმივად დარჩენის შესაძლებლობა და მოტივაცია.
ამ ემოციამ, განცდამ და ძლიერმა სურვილმა შთამაგონა, საკუთარი ხელით შემექმნა ეს სივრცე – დღეს „ევროპული აკადემია“ არა მხოლოდ ჩემი ოცნებებისა და იდეების ხორცშესხმა, არამედ ის ადგილია, რომელმაც გარკვეული რეალობა შეცვალა, სტერეოტიპი დაანგრია და ჩემი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
რას ვაკეთებთ „ევროპულ აკადემიაში“? – საგანმანათლებლო ცენტრში უცხო ენები თანამედროვე მეთოდოლოგიით ისწავლება, რაც იმას გულისხმობს, რომ ენის სწავლების პროცესი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილი. ესაა მუდმივი კომუნიკაცია მსმენელსა და მასწავლებელს შორის, ინტერკულტურული ასპექტების სწავლება, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და აქტიური გაკვეთილები. ვცდილობთ, ენის შესწავლა გახდეს ყველასათვის სასურველი, ასაკის შეუზღუდავად. ვთავაზობთ ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენების კურსს.
ამ პროცესში ყველაზე დიდ პრობლემას წავაწყდით ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, წალენჯიხაში ცოტაა ახალგაზრდა, უცხოური ენის მცოდნე კადრი. ამასთან ადგილობრივი მასწავლებლები სკოლისა და კერძო გაკვეთილების გამო ჩვენთან მუშაობის სურვილს არ გამოთქვამენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, სამწლიანი საქმიანობის განმავლობაში ყველაზე რთული სწორედ კადრების მოძიება, მათი სტაბილური მუშაობის ხელშეწყობა და მუდმივად სწავლების ხარისხზე ზრუნვა იყო, იმ პირობებში, როდესაც ენების სწავლების დაინტერესებას გამოთქვამენ მხოლოდ 4-დან 18 წლამდე მსურველები – ისინი, რომლებსაც მომავალში სჭირდებათ უცხო ენის ცოდნა სწავლის გასაგრძელებლად, გამოცდის ჩასაბარებლად და დიდ ქალაქში დასაქმებისათვის. ჩვენს რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი არა აქვთ მოტივაცია ისწავლონ ენა (დასაქმების სფერო არ არის მრავალფეროვანი ან თუნდაც ისეთი, სადაც უცხოური ენის ცოდნა იქნება აუცილებელი). ასევე პრობლემად რჩება მსურველების მიღება მეზობელი სოფლებიდან, რაც გამოწვეულია ტრანსპორტის დეფიციტით.
მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული აკადემიის“ შემოსავლის წყარო ძალიან მწირია, ენთუზიაზმი, მონდომება არ გვტოვებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი სიახლეების დანერგვაა: ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით შევქმნათ ახალი სასწავლო პროგრამა და განვახორციელოთ ის პროექტები და აქტივობები, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვალისწინებული.
ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო „დარგობრივი ლექცია აბიტურიენტებისათვის“, 2012-2013 წლებში, ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული. პროექტი მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისათვის ცნობიერების ამაღლებას, იმისათვის, რომ ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეგოთ უფრო მეტი მათთვის სასურველი ფაკულტეტის, შერჩეული პროფესიის, ახალი შესაძლებლობების შესახებ. პროექტის ფარგლებში რვა თვის განმავლობაში ვუმასპინძლეთ ილიას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც აბიტურიენტებს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობდნენ ლექციებს, პრეზენტაციებს.
2012 წლიდან „ევროპულ აკადემიაში“ შეიქმნა მკითხველთა კლუბი „ლიტერატურა ფინჯან ჩაისთან“. თვეში რამდენჯერმე ახალგაზდები იკრიბებიან და სასიამოვნო გარემოში კითხულობენ წიგნს, მართავენ დისკუსიას, ნახულობენ ფილმს. იმ მიზნით, რომ საოცრად მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის მიგვეცა დამატებითი შესაძლებლობა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ თანამედროვე ავტორებს, ესაუბრათ მათთან თავისუფლად და დისტანციის გარეშე, 2015 წლიდან, გამომცემლობებთან „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ თანამშრომლობით დავიწყეთ ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე ქართველი ავტორები წარადგენენ თავიანთ წიგნებს.
განსაკუთრებულად მახსენდება სტუმრები პოლონეთის ქალაქ სეინედან ქშიშტოფ ჩიჟევსკის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენს მსმენელებთან და გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება, თუ როგორ უნდა შევქმნათ პატარა ქალაქში კულტურული სივრცე, როგორ გავზარდოთ მოტივაცია ახალგაზრდებში.
ყველა ის ადამიანი, ვინც „ევროპულ აკადემიას“ სტუმრობს, გვიტოვებს უსაზღვროდ დიდ სითბოსა და ძალიან საინტერესო შეხვედრას. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია ყველა მსმენელი და პროექტში ჩაბმული ახალგაზრდა – ჯანსაღი და ღირსეული თაობა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია შეცვალოს რეალობა, მიიღოს ახალი, მოისმინოს განსხვავებული შეხედულება, ჰქონდეს საკუთარი აზრი და მოგვცეს სტიმული, მიუხედავად ბევრი სირთულისა, გვქონდეს თავისუფალი სივრცე, სადაც ერთად შევქმნით ახალ, განსახვავებულ სამყაროს.
ანი გერგედავა
ლინგვისტი, ევროპათმცოდნე