ერთხელ ერთმა ძალიან მაგარმა ხევსურმა გოგომ თქვა, რომ „ადამიანებს კარგი რაღაცების კეთებაც შეგვიძლია თუ მოვინდომებთო“. ჰოდა, მეც ამ ამბის მოყოლას ყოველთვის ასე ვიწყებ, როგორ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობრებმა კარგი რაღაცების კეთება.
თუმცა იქამდე ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი უნდა შეგახსენოთ: 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 164 სოფელი იყო დაცლილი. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და დღეს მდგომარეობა ბევრად საგანგაშოა. წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ლაშქრობისას ვხვდებოდი დაცლილ სოფლებს და სახლებს, ბევრი მათგანი ჩემს თვალწინ იცლებოდა წლიდან წლამდე. სწორედ ამიტომ 2014 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ პროექტი „წიგნები მაღალმთიან სოფლებს“. მართალია, მძიმე სოციალური პირობების ფონზე რთულია და თითქმის შეუძლებელია წიგნებით მოსახლეობის მთაში დაკავება. ხშირად მიკამათია ჩემს მეგობრებთანაც და სრულიად უცხო ადამიანებთანაც ამ თემაზე, ხშირად მომისმენია ფრაზა „ვის რად უნდა შენი წიგნი?!“, ყველაზე უფრო გავრცელებული კი მაინც, ასფალტისა არ იყოს, წიგნების ჭამა-ვერ ჭამის საკითხი იყო, – რომ ხალხს შია, სცივა და სწყურია და წიგნი გამოსავალი არ არის. მე კი მაინც ჯიუტად მგონია, რომ ეს იყო წინ გადადგმული, პატარა ნაბიჯი იქ მცხოვრები ადამიანების მომავალი კეთილდღეობისათვის. გარდა ამისა, წლებია მთაში დავდივარ და ვიცი რას ნიშნავს მათთვის თითოეული შეხმიანება, თითოეული სტუმარი და გზავნილი ბარიდან. მაშინაც და ახლაც – ორი წლის შემდეგაც მჯერა, რომ წიგნიერი, განათლებული, ინტელექტუალი და პროგრესულად მოაზროვნე ახალი თაობა არის ძლიერი სოფლის, კუთხისა და ქვეყნის საწინდარი. მჯერა, რომ განათლებულ და სწორად მოაზროვნე ადამიანებს ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ უკეთესობისკენ და ამის ძალიან კარგი მაგალითი კი ის არის, რომ დღეს არაბულების დამსახურებით ძალიან ბევრმა იცის სად არის ხევსურეთი, ჩირდილი და კორშა.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და უამრავი არამკითხე სკეპტიკოსისა, ალბათ ჩემს მეგობრებსაც გულის სიღრმეში სჯეროდათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე უნდა გაკეთებულიყო. ჰოდა, ჩვენც დავიწყეთ, დავიწყეთ ნულიდან, არ გვქონდა არც შესაბამისი გამოცდილება, არც ფინანსები, არც ძლიერი ზურგი და ცნობადობა, რაც ნამდვილად საჭიროა მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ერთადერთი, რაც გვქონდა, იყო სურვილი, სურვილი და სიყვარული წიგნისა და მთის.
ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პროექტი უნდა დაწყებულიყო ხევსურეთიდან, იმიტომ რომ წლების განმავლობაში დიდი სიყვარული და მადლიერება დამიგროვდა ამ კუთხისა და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ და სულ მინდოდა რაღაც პატარა სიკეთე დამებრუნებინა მათთვის.
პირველ და აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა ბიბლიოთეკისა და სამკითხველო დარბაზის მოწყობა ბარისახოს სკოლაში. ახლა რომ ვიხსენებ, ყველაფერი იმაზე რთული და დამღლელი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. წინ იყო უამრავი უძილო ღამე, პრობლემა და წინაღობა. მოგვიწია უამრავ ადამიანთან და კომპანიასთან დიდი მოთმინებით ურთიერთობა. თხოვნები, წერილები, საბუთები, ისევ თხოვნები და ისევ წერილები და დაუსრულებელი ბიუროკრატია. თავიდან ცოტა გვერიდებოდა, ცოტა გვეშინოდა, ცოტა არ გამოგვდიოდა, მაგრამ ჩვენმა ქალაქმა გამოიჩინა საოცარი სოლიდარობა და თანადგომა პროექტისა და მთაში მცხოვრები ახალგაზრდების მიმართ. არასდროს დამავიწყდება პირველი წიგნები, რომელიც ზვიად კვარაცხელიამ გადმოგვცა „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ სახელით, შემდეგ მოჰყვა „საუნჯე“, „რადარამი“ და უამრავი მოქალაქე, რომელებიც ძალიან დიდი რაოდენობით წიგნებს გვჩუქნიდნენ. პოეტები, მწერლები, ლიტერატურული და თეატრალური სფეროს მოღვაწეები, რომლებმაც ჩაწერეს ვიდეო-მიმართვები მოწოდებით, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩართულიყო წიგნების შეგროვებაში და მახსოვს რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ ავუდიოდით წერილებზე პასუხის გაცემასა და წიგნების შეგროვებას. როცა 25 მარტს „თიბისის საქველმოქმედო ფონდის“ დირექტორთან ერთად ჩავედით ბარისახოში სამუშაო ვიზიტით, მაშინ მივხვდი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი და ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა. გარშემო იყვნენ საოცარი ბავშვები, ბავშვები კეთილი და ლაღი თვალებით, და მივხვდი, რომ უბრალოდ არ გვქონდა უფლება ამ ლაღი ადამინებისთვის არ გაგვეკეთებინა რაღაც ძალიან მცირედი. ასეთი ბავშვები იყვნენ შუაფხოშიც, ასეთები არიან მთაში ყველგან, რაღაც თანდაყოლილი ბედნიერება აქვთ თვალებში და ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა ამ პროქტით მათთვის, რომ ისინი გვახსოვს და გვიყვარს.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა ერთი წელიც არ იმუშავა და სულ რამდენიმე სოფელს დაეხმარა წიგნებით და არც მოსახლეობის მიგრაცია შეწყვეტილა მთიდან ბარში, მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და მისცა ბიძგი სხვა ბევრად უფრო დიდი პროექტების წამოწყებას, რომლებიც დღემდე გრძელდება. ყველაზე მეტად კი გული იმაზე მწყდება, რომ ფინანსების არქონის გამო უამრავმა წიგნმა ვერ ჩააღწია დანიშნულების ადგილამდე. მაშინ, როცა დღემდე ვიღებთ თხოვნის წერილებს სხვადასხვა სოფლიდან, მე და ჩემს მეგობრებს სახლებში ყუთებით გვილაგია მათთან გასაგზავნი წიგნები. ჩვენი ყველა მცდელობა, ხელახლა მოგვეპოვებინა მცირე დაფინანსება წიგნების გასაგზავნად, წარუმატებლად დასრულდა. არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ ბლოგის გამოყენება მიმართვის ან თხოვნისათვის, მაგრამ თუკი ნებისმიერი კომპანიისგან ან კერძო პირისგან იქნება ინიციატივა დაგვეხმაროს დარჩენილი წიგნების დაბინავებაში, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ვიტყვი, რომ პროექტი „წიგნები მაღალმთიან სოფლებს“ შედგა და დასრულდა წარმატებულად.
ამ პროექტმა დაგვანახა, რომ წიგნებს ყველა დროში აქვთ ძალა, გააერთიანოს ძალიან ბევრი ადამიანი ერთი მნიშვნელოვანი იდეის გარშემო. ჩემთვის კი, როგორც ამ პროექტის ავტორისთვის, „წიგნები მაღალმთიან სოფლებს“ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ცხოვრებაში გამიკეთებია, ყველაზე დიდი მიღწევა და დღემდე, როცა ადამიანური უძლურება და უიმედობა შემაწუხებს ხოლმე, ვიხსენებ, როგორ გავხდი ბედნიერი წიგნების საშუალებით და თუ მოვინდომებთ, კარგი რაღაცების კეთება სულაც არ არის რთული.
წიგნები მაღალმთიან სოფლებს ის ამბავია, რომელსაც ერთხელ მაინც აუცილებლად მოვუყვები შვილიშვილებს – ამბავს წიგნებსა და მთებზე.
თეკლა ქველაძე
ტელე-რადიო ჟურნალისტი