შეიძლება ბევრსაც დავობენ, საქართველოში კითხულობენ თუ არა წიგნებს, მაგრამ აქციას „ჩვენ გვიყვარს წიგნები“, რომელიც „ფეისბუქზე“ 2015 წლის აგვისტოში დავიწყე, ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.
ბევრმა წაკითხული წიგნის შთაბეჭდილება ბრწყინვალედ გაგვიზიარა და ამან კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. აღმოვაჩინე წიგნები, რომელიც წაკითხული არ მქონდა და სწორედ ამ გამოხმაურებების შემდეგ დავინტერესდი.
ზოგმა იეჭვა, რომ ნაწილი ფოტოს წიგნისმოდურობის გამო იღებს, თორემ ზედაც არ უყურებსო. მერე, რა? დაე, მოდურობის გამო გადაიღოს ფოტო, მაგრამ წიგნს ერთი უნიკალური თვისება აქვს – როგორც კი ხელში აიღებ, გადაშლი, აუცილებლად წაგაკითხებს და ახლის გადაფურცვლას მოგანდომებს. ამიტომ, მოდურობიდან ჩვევამდე 1 ნაბიჯია.
აქციის ფარგლებში ბევრმა სხვადასხვა გარემოში გადაღებული ფოტო გაგვიზიარა. ჭარბობდა ზღვის სანაპიროსა და ტრანსპორტში, უმეტესად მეტროში გადაღებული კადრები. სასიამოვნოდ გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ მგზავრობისას წიგნს ბევრი კითხულობს. თავად მე ასეთ კადრებს იშვიათად ვაწყდები, მაგრამ არც ისე იშვიათი ყოფილა.
კიდევ ერთი, რაც მომეწონა, ვნახე ბავშვებისა და წიგნების ურთიერთობის ამსახველი ფოტოები. ჩემი აზრით, ეს ამ აქციის ყველაზე ამაღელვებელი რამ იყო. ბავშვებს თავიდანვე წიგნი შეაყვარო, ნიშნავს, რომ მას წიგნიერ და განათლებულ მოქალაქედ აყალიბებ.
ბოლო დროს აქციის ფარგლებში უფრო მეტად მკითხველთა ფოტოები მხვდება, ვიდრე წაკითხულის შთაბეჭდილების გაზიარება. სწორედ შთაბეჭდილებაა ძირითადი მუხტი, რომ ახალი წიგნით დაინტერესდე.
იმისათვის, რომ აქცია „ჩვენ გვიყვარს წიგნები“ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო, გადავწყვიტე, ფეისბუქმომხმარებლისთვის მხოლოდ წიგნები კი არა, ყველაფერი ის გამეზიარებინა, რაც წიგნთან და კითხვასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ეს იყო ბიბლიოთეკები, წიგნის მაღაზიები, ლიტერატურული კაფეები, ნახატები და ქანდაკებები, რომელიც წიგნს ასახავს, წიგნის ულამაზესი თაროები, სათავსოები და ასე შემდეგ.
ჩემი აზრით, ამ ფოტოებმა აქციის კედელი ძალიან გაალამაზა და ბევრისთვის შთაგონების წყაროც უნდა იყოს, რომ სახლის შიდა დიზაინში განსხვავებული ელფერი შეიტანოს.
თავად მე ამ აქციამ შთამაგონა, ჩამოვაყალიბო მკითხველთა კლუბი, სადაც მკითხველები 1 რომელიმე კონკრეტულ წიგნს განვიხილავთ ხოლმე. ამისთვის პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დარბაზი გამოგვიყო. კიდევ 1 შთაგონებული იდეა ის არის, რომ მალე თბილისის სამ პარკში – 9 აპრილისა (ქაშუეთის უკან) და ვერის ბაღში, ასევე გლდანის გასართობ პარკში 3 საველე ბიბლიოთეკას დავდგამთ. პროექტს ფონდი „ორბელიანი“ დააფინანსებს, წიგნებით კი 1 წლის მანძილზე „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ უზრუნველყოფს. მცირე ბიბლიოთეკის მიზანია აიღო წიგნი, წაიკითხო და უკან დააბრუნო. ასეთი პრაქტიკა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.
დაგეგმილი მაქვს, მომხმარებლებს გამომცემლობებიც გავაცნო. ნახონ, ეს დაწესებულებები რამდენს აკეთებენ, რომ ჩვენი ცხოვრება ახალ-ახალი წიგნებით გავიმდიდროთ.
წიგნი ხომ ერთადერთი წყაროა, რომელიც ტვინს დაჭაობებისგან იხნის.
ჩემი აზრით, ყველაფერი ცუდი, რაც გვჭირს – სიღარიბე, აგრესია, დაპირისპირება, სიძულვილის ენა, სხვისი აზრის მიუღებლობა და ა.შ., მხოლოდ იმიტომ რომ წიგნებს საკმაოდ დავშორდით. აქცია „ჩვენ გვიყვარს წიგნები“, ვიმედოვნებ, რომ კითხვას უფრო მასობრივს გახდის. ჩემი მოლოდინიც ეს არის. საქართველოში ხომ წიგნი ყოველთვის უყვარდათ. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც ნაბეჭდი წიგნი გამოუშვა (1629 წელს რომში, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი, არჩილ მეფემ მოსკოვში 1686 წელს „დავითნი“ დაბეჭდა, 1709-12 წლებში კი ვახტანგ მეექვის თაოსნობით უკვე თბილისში დაიბეჭდა „სახარება, „დავითნი“, ვეფხისტყაოსანი“, „სამოციქულო“, სულ 11 წიგნი. სტამბა კი ანთიმოზ ივერიელის გამოგზავნილმა მეგობარმა მიხაილ იშტვანოვიჩმა გამართა).
დიახ, საქართველოში წიგნი ყოველთვის უყვარდათ და ყოველთვის ეყვარებათ. ჩვენ გვიყვარს წიგნები!
გოგა ჩანადირი
ფოტოხელოვანი