რამდენიმე თვეში ორი წელი გახდება, რაც დაბალი სიცხე მაქვს. რომ ვთქვა, ყველა საღამოს ვაკონტროლებ და ვიზომავ-მეთქი, პირველივე აბზაცში მაგარი ტყუილი იქნება, თან ნაკლებად საჭირო. ორ-სამ თვეში ერთხელ, სახლში სადმე თერმომეტრს რომ გადავეყრები, უფრო სწორად, თითქოს თვითონ რომ აღიმართება ჩემ წინ, როგორც გადაულახავი კედელი, ან მოქნეული მუშტი, ვნებდები, ჯანდაბას შენი თავი-მეთქი, და ათი წუთის განმავლობაში ჩახუტებული მყავს. მერე ხელის კანკალით (აქ უკვე ვამეტებ) ვიღებ, ვაკვირდები და ისეთი შეგრძნება მიჩნდება– დამარცხების თუ სადღაციდან გადმოვარდნის. რამდენიმე შორისდებულს ვამბობ გაბრაზებულ-დაბნეული და ვიწყებ შეკითხვებს დამამშვიდებელი პასუხების მისაღებად, რომ უკვე ყველა ანალიზისა და შემოწმების შემდეგ, საშიში არაფერია და ხდება ხოლმე რაღაც პერიოდის მანძილზე, წლობითაც კი, ასეთი ამბავი სხვების ცხოვრებაშიც.
ერთხელ იყო, მიკროავტობუსში ავედი, უფრო სწორად, კი არ ავედი, გაჩერებაზე კაცს ვთხოვე, ფეხს რომ შევდგამ, ხელით მომაწექი, კარი რომ მოვხურო-მეთქი. დავდექი და თავი მაღლა ავწიე ჰაერის ჩასასუნთქად. გვერდით ორი ქალი საუბრობდა, მე კი ფეხზე მეკიდა მათი ამბები, მაგრამ ერთ-ერთმა რომ ახსენა, წელიწად-ნახევარია სიცხე აქვს ჩემს ბიჭს,ანალიზები გავუკეთეთ და ნორმაში აქვს ყველაფერიო, ხელების გაშლა რომ შემძლებოდა, გულში ჩავიკრავდი.
მოკლედ, ამ ამბავმა ჩემი ნერვები და ფსიქიკა ისე არია, როგორც ისედაც არეულ ოთახში ფეხები და ხელები იქნიო დიდხანს.ტუბცენტრში ვიდექი მოძრავ აპარატებს შორის და ფანჯრის იქით მყოფ ექიმების ჯგუფს ნერვულად ვუქნევდი თავს უარყოფის ნიშნად, არ ვარ დაავადებული-მეთქი. არადა, ეგრე მათ უნდა გაეკეთებინათ და ერთ-ერთმა რომ მომბაძა და სხვებიც აყვნენ, ჩამოვხტი რაღაც თეთრი გილიოტინა-რობოტიდან და ნახევრადშიშველი გამოვვარდი გარეთ, – აბა, წავედი, ჯიგარო, მადლობა-მეთქი, –მივაძახე მაღალ ექიმ-სიკვდილის ფორმულას და დავითესე. მერე სისხლის ანალიზები ვენიდან, თითიდან, ეს იქ წაიღე, იქიდან რომ გამოხვალ, გაიხადე იქ შედი და ექიმს დაელოდე, აქ ჩაიცვი და ფული გადაიხადეო და დავდიოდიმე, უკვე არა თორნიკეჭელიძე, მე –ბატონი 37,1.
ერთადერთი, რაც ამ ორი წლის მანძილზე მუდმივად მშველოდა, ვიქტორ ცოი იყო. იყვნენ სხვებიც და არიან, სადღაც იქიდან რომ გიდგანან გვერდში ადამიანს, სადაც ყველა წავალთ, მაგრამ ცოი მაინც განსაკუთრებულად. გამოვიდოდი თეთრი დერეფნებიდან, კათეტერგამობმული, ეტლში მჯდარი მოხუცების ნახევრადშეშლილ სახეებს და შარდის სუნს მოვშორდებოდი, ვიღებდი ტელეფონს, ყურთსასმენებს ვიმაგრებდი და ვხდებოდი ის, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი, რომ ჩემს ყოფნას რქმეოდა ცხოვრება და ვყოფილიყავი მარილი ამ ყოველდღიური გულისამრევი თუ გემრიელი სოუზის – ცხოვრების.
„Ночь пришла а за ней гроза
Грустный дождь да ветер-шутник
Руки в карманы, вниз глаза
Да за зубы язык“
ისე მღერის, თითქოს შენზე წერს, შენზე, ვინც მას უსმენ. მიდიხარ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჯიბეში ის სიგარეტი გაქვს, მეორე სიმღერაში რომ ახსენებს, თვალებს დაბლა ხრი და მიდიხარ უთქმელად, ჩუმად და მერე ჩაგესმის:
„Пей да гуляй, пой да танцуй
Я с тобой пока“
ამ სიტყვებს შეუძლია ცხოვრების ჯოჯოხეთიდან ამოგიყვანოს. იესომაც ასე არ უთქრა თავის მოწაფეებს, რომ ვიდრე მე თქვენთან ვარ, იმხიარულეთ და როცა წავალ, შემდეგ იმარხულეთო. იცი, რომ მარტო მიდიხარ, მაგრამ რაღაც თუ ვიღაც მოგყვება გვერდით. ჯანდაბა, შეიძლება გაგიჟდე, მარტო და თან ვიღაცასთან ერთად! იმდენად რეალურია, ხელსაც კი გადახვევ და დაეყრდნობი და უმეორებ შენს თავს, რომ იცხოვრო, განა იქამდე, ვიდრე ცოცხალი ხარ, იცხოვრო ყოველთვის და ყველგან, იმიტომ, რომ თუ ერთხელ, ერთი წამის მემილიარდედ ნაწილში მაინც გერქვა ცოცხალი, სულ ეგრე იქნება და არ იარსებებს სიკვდილი! განა ადამიანს ერთ დღეს სხვა სახელი ჰქვია და მეორე დღეს –მეორე, ან კალიუმი იოდად გადაიქცევა?..
ლიტერატურა, ტექსტი ერთ-ერთი სიკეთეა, რის შუქშიც ყოველთვის შეგიძლია დადგე და დაინახო, რომ არსებობ, გაქვს საკუთარი შუქ-ჩრდილები. შეგიძლია, როგორც ელემენტი, ისე დატენო საკუთარი გონება, სული, სხეული მისი სინათლით და ისევ უკან – ბნელში და ყოველდღიურ პრობლემებში გამოსულმა შენ თვითონ ანათო. ვიქტორ ცოი იმ წელს გარდაიცვალა, როცა მე დავიბადე. არც ჩემს ქვეყანაში ცხოვრობდა, არც ჩემი მშობლიური ენა იცოდა, მაგრამ, რაღაც ოხრად, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიცნობდა. მოკლედ, თვითონ აზრზე არ იყო ამის შესახებ, მაგრამ მისი ტექსტები იყვნენ და არიან.
სადღაც, სხვაგან სხვა კონტინენტებსა და მატერიკებზეც ძირითადად იგივე ხდება, რაც ჩვენთან, განსხვავებული მხოლოდ სიმძაფრე და კონტრასტებია. ახლაღა მივხვდი, რა იწვევს ნერვოზს ჩვენში, ახლა, როცა ერთი თვე ჩემს მაღალმთიან სოფელში გავატარე. ქალაქების ქუჩებში რაღაც ვერაა რიგზე. ისეთი ამბავია, თითქოს ყველანი საძინელები ოთახებიდან კი არ გამოვედით გარეთ, საფლავებიდან წამოვდექით და მკვდრები დავხეტიალებთ. ბოლო ათწლეულებში ტექნიკისა და მეცნიერების უსწრაფესმა განვითარებამ, დიდმა პოლიტიკურმა ძვრებმა და სხვა რამდენიმე უმთავრესმა მიზეზმა ადამიანები შეგვცვალა. ინფორმაციის ის ზღვა, რასაც ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელებიდან ვიღებთ, ზოგჯერ უარყოფითი შედეგის მომტანიც გახდა ჩვენთვის, მაგრამ მე ახლა ამაზე არ მინდა გავაგრძელო. უბრალოდ, ლიტერატურაზე ვსაუბრობ; სიტყვებზე, აზრებზე, პერსონაჟებზე, ემოციებზე, იდეებსა და იმედებზე, რითაც სავსეა წიგნები, სიმღერების ტექსტები და აქ ვამთავრებ წერას, რომ ადგე და ის წიგნი გადაშალო, რომელიც ადამიანივით გვერდით მოგყვება ყოველთვის, იმ სიმღერის ტექსტს ენდო, კბილის ტკივილის დროსაც კი რომ წაიღიღინებდი დათქვა, რომ შეიძლება ცხოვრება უმეტეს შემთხვევებში ისეთივე გულისამრევად პათეტიკური და მოსაწყენია, როგორც ამ ჩემი წერილის დასასრული, მაგრამ არსებობს ლიტერატურა, როგორც შავი ხვრელი, რომელიც ვარსკვლავების ნაცვლად, ადამიანებს ისრუტავს დედამიწაზე და სხვა, უკეთეს რეალობასა თუ განზომილებაში გადაჰყავს.
თორნიკე ჭელიძე
პოეტი