“გარეთ ახალი, შიგნით ნახმარი” – ამ გამოცანით მიულოცა ერთ-ერთი ცნობილი ქართული იუმორისტული ტელეშოუს წამყვანმა მოსწავლეებს საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყება. გამოცანის პასუხიც იქვე გაგვიმხილა – პირველ კლასელების სასკოლო სახელმძღვანელო – და განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, წლევანდელ სასწავლო წელს მოსწავლეებს ახალ გარეკანებში ჩასმული უკვე რამდენჯერმე გამოყენებული სახელმძღვანელოების შიგთავსით დახვდეს, ე.წ. ფასადური სახელმძღვანელოების პროექტად შერაცხა.
მე კი, ამ ბლოგში გამომცემლის პროფესიაზე მინდა მოგიყვეთ, ამ სფეროს გამოწვევებსა და წინააღმდეგობებზე. რამდენიმე წლის წინ, როცა ახალგაცნობილი ადამიანები ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი: გამომცემელი, და უნდა ვაღიარო, დიდ ვერაფერ შთაბეჭდილებას ვახდენდი მათზე. უფრო მეტად კი დაბნეულობას ვიწვევდი ამ მოულოდნელი პასუხით. რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საპატიო და პრესტიჟულ საქმიანობად აღიარებული პროფესიის შესახებ ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის არც სახელისუფლებო წრეებში, ბევრი არაფერი იციან? იქნებ ის, რომ საქართველოში დღესდღეობით ჯერ კიდევ არც თუ ისე ბევრი ადამიანი ყიდულობს და მით უფრო, კითხულობს წიგნს?! ბოლო დროს ვითარება სხვა მიმართულებით შეიცვალა, ახალგაცნობილი ადამიანების ჩაკითხვამაც ასეთი ფორმები შეიძინა: აჰ, თქვენ ის ხართ,სახელმწიფომ სახელმძღვანელოები რომ წაგართვათ? თქვენ განათლების სამინისტროს არ ებრძვით? მომიყევი ერთი, მაინც რა ხდება ამ სახელმძღვანელოებზე, იმ დღეს მოვისმინე, სამინისტრო თითო წიგნს 1600 ლარად ბეჭდავსო, და მრავალი სხვა.
რამ შეიძლება განავითაროს და გააძლიეროს უამრავი პრობლემითა და გასაჭირით დახუნძლული ჩვენისთანა პატარა ქვეყანა? ალბათ ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ – რაც შეიძლება ბევრმა პროფესიონალმა კადრმა, განათლების მაღალმა დონემ, მაღალმა ინტელექტმა.
90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი გამომცემლობები აღმოცენდნენ და ელვის სისწრაფით განვითარდნენ. მათ საკუთარი, პროფესიული რევოლუცია მოახდინეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთმა პირველებმა მოახერხეს ქართველი მოსწავლეებისთვის სამუდამოდ დაევიწყებინათ უალტერნატივო საბჭოთა სახელმძღვანელოები და აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში, ქართველ ავტორებთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების ალტერნატიული ქართული სახელმძღვანელოების შექმნა დაეწყოთ. და,რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, არაქართულენოვანი (სომხური, აზერბაიჯანული, რუსული) სკოლებისთვისაც კი. პარალელურად კი არანაკლები წარმატებით გამოიცემოდა მსოფლიო თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურა.
2013 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამომცემლები ნარკოდილერებს, წურბელებს შეგვადარეს,მოგვიანებით დაგვიწუნეს მენეჯმენტი, ჩვენი ჯიბეები გასქელებულად გამოაცხადეს და მათ დაუყონებლივ გათხელებაზე დაიწყეს ზრუნვა. პირველ წელს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტმა, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ ქართული გამომცემლობებისა და ქართველი ავტორების კუთვნილი სახელმძღვანელოების მისაკუთრებას, ამ სახელმძღვანელოების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დაბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის ჩუქებას, შესაბამისად, ავტორებისა და გამომცემლების შემოსავლის გარეშე დატოვებასა თუ გაკოტრებას გულისხმობდა, “გაამართლა”. საპრეზიდენტო არჩევნები დიდი წარმატებით ჩატარდა. საზოგადოება კი კიდევ ერთხელ შეიყვანეს შეცდომაში, დააჯერეს, რომ ამ სამყაროში კიდევ დარჩა “რამე”, რაც შეიძლება უფასო იყოს და შესაძლებელია, რომ ეს “რამე” სრულიად უანგაროდ გაჩუქონ. დაავიწყეს უჰონორაროდ და,შესაბამისად, საარსებო წყაროს გარეშე დარჩენილი ავტორები, რომლებიც წლობით მუშაობდნენ მათი შვილებისთვის მაღალი სტანდარტის სახელმძღვანელოების შესაქმნელად, დაავიწყეს გამომცემლები, რომლებიც ყველაზე რთულ, 90-იან წლებში შეეჭიდნენ ამ ერთი შეხედვით ილუზიურ საქმეს და სიამოვნებით მიაღებინეს სკოლის მერხებზე მათი შვილებისთვის ჩამორიგებული საჩუქრები. საბოლოოდ კი, დაკნინდა და გაუფასურდა საქართველოს კონსტიტუციით ხელშეუვალად წოდებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება. ქართველი გამომცემლები და ავტორები კი ამ დრომდე ქართულ სასამართლოში ცდილობენ სამართლიანობის აღდგენას და, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგშიც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.
2014 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მასშტაბურ ღონისძიებაზე, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, რამდენიმეწლიანი დაუღალავი მონდომებისა და შრომის შედეგად, ქართულმა საგამომცემლო სექტორმა 2018 წლის საპატიო სტუმრის სტატუსი მოიპოვა. გაჭირვებით თუ მახსენდება საქართველოში რომელიმე სახელოვნებო სფერო, რომელსაც ამ რანგის საერთაშორისო წარმატებისთვის მიეღწიოს. ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რამხელა პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს, რომელსაც, წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა,შედეგად ევროინტეგრაციისკენ გადადგმული არა თუ დიდი ნაბიჯი, არამედ ნახტომიც კი მოჰყვეს, ასევე – ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარება და ტურიზმის აყვავება.
ამ ფონზე კი, მაშინ, როცა 2018 წლამდე დარჩენილი რამდენიმე წლის განმავლობაში ქართული საგამომცემლო სექტორის სიძლიერე და აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის შედეგად საქართველოში2014-2015 წლებში დაიხურა რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის მაღაზია, სტამბა, გამომცემლობებმა შეამცირეს მხატვრული ლიტერატურის გამოცემა. უმუშევარი დარჩა ამ სფეროში დასაქმებული უამრავი ადამიანი. შესაბამისად, ისინიც შეუერთდნენ იმ ადამიანების მრავალრიცხოვან არმიას, რომლებიც ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ოჯახზე, ახლობლებზე, სახელმწიფოზე.
2015 წელს ზემოთ აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვნად შემცირებული ბიუჯეტის გამო, განათლების სამინისტრომ 650 000 მოსწავლისთვის მხოლოდ 41 000 ეგზემპლარი ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს დაბეჭდვა შეძლო, რაც ნიშნავს, რომ დღეს სკოლაში მისული ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას სკოლის მერხზე რამდენიმე გზის გამოყენებული, თუმცა ახალ გარეკანებში ჩასმული, აწ უკვე ფასადურ სახელმძღვანელოებად შერაცხული წიგნები დახვდებათ.
მიუხედავად ამ არც თუ სახარბიელო ფაქტისა, მინდა ყველა მოსწავლეს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება! ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს საუკუნეში მხოლოდ მაღალი განათლება და პროფესიონალიზმია წარმატების ერთადერთი ფორმულა, ნებისმიერი სხვა ხერხითა და მეთოდით მიღწეული წარმატება კი დროებითი და წარმავალია.
დღეს ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური გახდა გამოთქმა: უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშიაო. კარგია, რომ ამაზე მსჯელობა მაშინ დავიწყეთ, როცა ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი მომავლის გადარჩენა და სწორ გზაზე დაყენება. სინამდვილეში, ალბათ ყველას კარგად გვესმის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა არა ვინმეს ჯიბის გასქელების, არამედ, პირველ ყოვლისა, სამუშაო ადგილების ზრდის პირდაპირპროპორციულია, რაც, შესაბამისად, ჩვენს სულ უფრო მეტ თანამოქალაქეს ფინანსურ დამოუკიდებლობასა და პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს.
გილოცავთ პირველ ზარს!
გვანცა ჯობავა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე